ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 30

  1. 1
    "ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
  2. 2
    ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
  3. 3
    მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება - დამცირებად.
  4. 4
    რადგან მისი მთავრები ცოყანში არიან და მისმა წარგზავნილებმა ხანესამდე მიაღწიეს.
  5. 5
    ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც უსარგებლოა, ვერ იხსნის, სარგებლობას ვერ მოუტანს, მხოლოდ შეარცხვენს და შეურაცხყოფს.
  6. 6
    წინასწარმეტყველება ნეგების პირუტყვზე: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი, ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მიაქვთ მათ თავიანთი სიმდიდრე და აქლემთა კუზით - თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.
  7. 7
    ეგვიპტის შემწეობა ფუჭია და ამაო, ამიტომ განვაცხადე: ‘მათი ძალა უქმად ჯდომაშია.’
  8. 8
    ახლა მიდი, ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოუკვეთე და დარჩეს უკანასკნელ დღემდე, მოწმობად უკუნითი უკუნისამდე.
  9. 9
    რადგან მეამბოხეა ეს ხალხი, ცრუ ძენი არიან, შვილები, რომლებსაც უფლის შეგონების მოსმენა არ სურთ;
  10. 10
    მხედველებს ეუბნებიან: "ნუ ხედავთ ხილვებს”, წინასწარმეტყველებს: "სიმართლეს ნუ გვიწინასწარმეტყველებთ, სასიამოვნო სიტყვები გვითხარით, სიცრუე გვიწინასწარმეტყველეთ.
  11. 11
    გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა”.
  12. 12
    ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: "რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით,
  13. 13
    ამიტომ ეს დანაშაული თქვენთვის დამანგრეველი ბზარივით იქნება, მაღალ კედელზე გაჩენილი ნაპრალივით, რომლის ჩამოქცევაც უცაბედად, ერთ წამში მოხდება.
  14. 14
    ისე დალეწავს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ლეწავენ, ისე შეუბრალებლად, რომ ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვის ნამსხვრევებში, რათა კერიდან ცეცხლი აიღოს ან ჭურჭლიდან წყალი ამოხაპოს.
  15. 15
    რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: "მონანიებასა და სიმშვიდეში იქნებოდით დახსნილნი, სიწყნარესა და მყუდროებაში იქნებოდა თქვენი ძალა. მაგრამ არ ინდომეთ.
  16. 16
    ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო - ამიტომაც გაიქცევით; კიდევ: სწრაფად გავაჭენებთო! - ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.
  17. 17
    ერთის მუქარა ათასს გააქცევს, ხუთის მუქარაზე კი ყველანი გაიქცევით, ვიდრე ალამივით არ შერჩებით მთის თხემზე და ნიშანივით - მაღლობზე”.
  18. 18
    მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.
  19. 19
    რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
  20. 20
    უფალი მოგცემს გაჭირვებაში პურს და ძალადობისას წყალს, აღარ დაიმალება შენი წარმმართველი და შენი თვალები იხილავენ მას.
  21. 21
    შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: "ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
  22. 22
    სიბილწედ მიიჩნევთ ვერცხლით დაფარულ თქვენს ქანდაკებებს და ოქროთი მოჭედილ ჩამოსხმულ კერპებს, გაფანტავთ მათ როგორც სისაძაგლეს და იტყვით: მოგვცილდითო.
  23. 23
    და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
  24. 24
    ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფოცხებით გასუფთავებულს.
  25. 25
    ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ მომაღლებულ ბორცვზე წყლის ნაკადები იდინებენ, მრავალთა შემუსვრის დღეს, როცა დაეცემიან კოშკები.
  26. 26
    მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.
  27. 27
    აჰა, შორიდან მოდის უფლის სახელი, გიზგიზებს მისი რისხვა, შენივთდა კვამლი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით, მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
  28. 28
    მისი სუნთქვა მოვარდნილ ნიაღვარს ჰგავს და ყელამდე უწვდენს; რომ ცხრილით გაცხრილოს ხალხები, ლაგამი ამოსდოს ყბაზე და ნგრევისკენ გაუძღვეს.
  29. 29
    სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის კურთხევის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურის ჰანგებით მიმავალს, რომ ავიდეთ უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე.
  30. 30
    უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.
  31. 31
    რადგან უფლის ხმაზე შეძრწუნდება აშური, როცა კვერთხს დასცემს.
  32. 32
    ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.
  33. 33
    რადგან დიდი ხანია გამზადებულია სამსხვერპლო ადგილი, მეფისთვის არის გამზადებული, მან გააღრმავა და გააფართოვა იგი. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა, გოგირდის ნიაღვარივით ააგიზგიზებს მას უფლის სუნთქვა.
იტვირთება შემდეგი თავი