ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 36

  1. 1
    და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს, გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი.
  2. 2
    გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით. და გაჩერდა იგი ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.
  3. 3
    და გამოვიდნენ მასთან სასახლის მმართველი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე,
  4. 4
    უთხრა მათ რაბშაკემ: "ახლა უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე მშვიდად რომ ხარ?
  5. 5
    გეუბნები: შენი თათბირი და ომში სითამამე ფუჭი სიტყვებია მხოლოდ. ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ მეწინააღმდეგები?
  6. 6
    აჰა, ეგვიპტეს - გადატეხილ ლერწამს - ეყრდნობი, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მასზე დაიმედებულისთვის.
  7. 7
    და თუ იმას მეტყვი - უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო! - ეს ის ღმერთი ხომ არ არის, მაღლობებისა და სამსხვერპლოების მოშორების შემდგომ რომ უთხრა ხიზკიაჰუმ იუდასა და იერუსალიმს - მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცითო თაყვანი!
  8. 8
    ახლა, აბა, შეედარე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ორი ათას ცხენს მოგცემ, თუ შესხამ მათზე მხედრებს?
  9. 9
    მაშ როგორღა უკუაქცევ თუნდაც ერთს ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედად ხარ?
  10. 10
    თანაც, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: გამოდი მაგ ქვეყნის წინააღმდეგ და გაანადგურეო”.
  11. 11
    უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: "არამეულ ენაზე ელაპარაკე შენს მსახურებს, რადგან გვესმის; იუდაურად ნუ დაგველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან”.
  12. 12
    უთხრა მათ რაბშაკემ: "მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ ჩამომჯდარა, რათა თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი”.
  13. 13
    წამოდგა რაბშაკე, ხმამაღლა დაიყვირა იუდაურად და თქვა: "ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა!
  14. 14
    ასე ბრძანა მეფემ: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი!
  15. 15
    ნუ დაგაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, რომ გეუბნებათ: უსათუოდ გვიხსნის უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელითო!
  16. 16
    ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: დამნებდით და გამოდით ჩემთან; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და თავისი ლეღვი, სვას თითოეულმა თავისი ჭის წყალი,
  17. 17
    სანამ მოვსულვარ და წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
  18. 18
    არ მოგატყუოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო! რომელი ხალხის ღმერთებმა იხსნეს თავიანთი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
  19. 19
    სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
  20. 20
    ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”
  21. 21
    დუმდა ხალხი, სიტყვაც არ უთქვამთ, რადგან მეფეს ჰქონდა ნაბრძანები, არ უპასუხოთო.
  22. 22
    შემოხეული სამოსელით მივიდნენ ხიზკიაჰუსთან ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე და გადასცეს რაბშაკეს სიტყვები.
იტვირთება შემდეგი თავი