ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 37
- 1მოისმინა თუ არა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
- 2გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა მწერალი და მღვდელთაგან უხუცესნი - ყველანი ჯვალოთი შემოსილნი - წინასწარმეტყველ ესაია ამოცის ძესთან.
- 3უთხრეს მას, ასე ამბობსო ხიზკიაჰუ: უბედურების, მხილებისა და უარყოფის დღეა ეს დღე, რადგან მოადგნენ ყრმები საშოს კარს, მაგრამ შობისთვის ძალა არ არის.
- 4იქნებ ისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, შემოთვალა, რათა გაელანძღა ცოცხალი ღმერთი; იქნებ შერისხოს იმ სიტყვათა გამო, რომელიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა; აღავლინე ლოცვა დარჩენილი ნატამალისთვის.
- 5და შევიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან.
- 6მიუგო მათ ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინია იმ სიტყვებისა, შენ რომ მოისმინე, რითაც მგმობდნენ აშურის მეფის მსახურნი.
- 7აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
- 8გაბრუნდა რაბშაკე და ლიბნასთან მებრძოლი ჰპოვა აშურის მეფე, რადგან გაგებული ჰქონდა ლაქიში დატოვაო.
- 9თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზეც ესმა, უთხრეს: შენთან საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაცნენი გაუგზავნა ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით:
- 10ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: "ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომელზეც დაიმედებულხარ - არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
- 11აჰა, გსმენია, რაც აშურის მეფეებმა მოაწიეს ყველა ქვეყანას, როგორ დაამხეს ისინი. შენ როგორ გადარჩები?
- 12განა გადაარჩინეს ისინი იმ ხალხთა ღმერთებმა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ?
- 13სად არიან ხამათისა და არფადის მეფეები? ან სეფარვაიმის, ჰენასა და ავას მეფენი?”
- 14მიიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეებისგან, წაიკითხა, ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
- 15ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს და ამბობდა:
- 16"ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.
- 17მოაპყარ ყური, უფალო და მოისმინე. გაახილე თვალი, უფალო და დაინახე სანხერიბის სიტყვა, ცოცხალი ღმერთის სალანძღად რომ გამოგზავნა.
- 18მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ქვეყანა და მათი მიწები.
- 19ცეცხლში ყრიდნენ მათ ღმერთებს, რადგან ღმერთები არ იყვნენ ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, ამიტომ მოსპეს კიდეც ისინი.
- 20ახლა კი უფალო, ღმერთო ჩვენო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა შეიტყოს ქვეყნის ყველა სამეფომ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი”.
- 21გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი, იმის პასუხად, რასაც სანხერიბზე, აშურის მეფეზე ევედრებოდი.
- 22ესაა სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: "აბუჩად აიგდო, დასცინა ქალწულს, სიონის ასულს! თავს იქნევდა იერუსალიმის ასულის უკან.
- 23ვის ძრახავდი და ვის ლანძღავდი? ვისზე აიმაღლე ხმა და ვის დაადგი თვალი? ისრაელის წმიდას!
- 24შენი მონების პირით ძრახავდი უფალს და ამბობდი, მთათა სიმაღლეზე ავედი ჩემი მრავალი ეტლით, ლიბანის კალთებზე; გავჩეხავ მის მაღალ კედრებს, მის ნარჩევ კვიპაროსებს და მივაღწევ მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე.
- 25მე ამოვთხარე და დავლიე წყლები, ჩემი ფეხის ტერფებით ამოვაშრობ ეგვიპტის ყველა მდინარეს.
- 26არ გსმენია განა, შორეულ წარსულში რომ გავაკეთე მე ეს? უძველეს დროში განვიზრახე და ახლა მოვაწიე, რათა ნანგრევების გროვად გექცეს გამაგრებული ქალაქები.
- 27ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი - გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ - მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.
- 28ვიცოდი შენი დაჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა; შენი რისხვა ჩემს წინააღმდეგ.
- 29რადგან შენი მრისხანება ამაღლდა ჩემს წინაშე და შენი ამპარტავნება მოსწვდა ჩემს ყურს, კაუჭს გაგიყრი ნესტოებში და აღვირს ამოგდებ პირში და იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოსულხარ.
- 30ხიზკიაჰუ, ეს იქნება შენთვის ნიშანი: ჭამეთ ამ წელს ნაგერალი ხორბალი, მეორე წელს - თვითნაბადი, მესამე წელს დათესეთ და მომკეთ, ჩაყარეთ ვენახები და ჭამეთ ნაყოფი.
- 31გადარჩენილნი იუდას სახლიდან და თავდაღწეულნი კვლავ გაიდგამენ ფესვს დაბლა და გამოიღებენ ნაყოფს მაღლა.
- 32გამოვა იერუსალიმიდან ნატამალი და გადარჩენილნი - სიონის მთიდან”. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა მოიმოქმედებს ამას.
- 33ამიტომ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ ამოვა ამ ქალაქში, ვერ ისვრის აქ ისარს, ვერ მიადგება მას ფარით და ვერ აღუმართავს მიწაყრილს.
- 34რომლითაც მოვიდა, იმავე გზით გაბრუნდება და არ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
- 35მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისთვის.
- 36გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი; ადგნენ დილით და ნახეს, რომ გაცივებული გვამები ეყარა.
- 37გაბრუნდა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე; და ცხოვრობდა ნინევეში.
- 38ერთხელ, როცა ნისროქს, თავის ღმერთს სცემდა თაყვანს მის სახლში, ადრამელეხმა და სარეცერმა, მისმა ძეებმა დასცეს იგი მახვილით და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი