ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 44

  1. 1
    "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
  2. 2
    ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
  3. 3
    რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
  4. 4
    აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
  5. 5
    ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
  6. 6
    ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
  7. 7
    ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
  8. 8
    ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
  9. 9
    არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
  10. 10
    ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
  11. 11
    აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
  12. 12
    მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
  13. 13
    გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
  14. 14
    მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
  15. 15
    შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
  16. 16
    ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
  17. 17
    ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
  18. 18
    არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
  19. 19
    ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
  20. 20
    ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
  21. 21
    გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
  22. 22
    ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
  23. 23
    სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
  24. 24
    ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
  25. 25
    იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
  26. 26
    ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
  27. 27
    ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
  28. 28
    კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 44 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა