ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 45
- 1ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს "მე მიპყრია შენი მარჯვენა, რათა ერები დაგემორჩილონ, მე შევხსნი სარტყელთ მეფეთა წელს, რათა გავხსნა კარები შენ წინაშე და კარიბჭენი არ დაიკეტოს.
- 2მე წავალ შენს წინ და გამრუდებულს გავასწორებ, სპილენძის კარს შევამტვრევ და რკინის ურდულებს დავლეწავ.
- 3მოგცემ ბნელში დაცულს საუნჯეს და გადამალულ საგანძურს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც გიხმობს შენი სახელით.
- 4იაკობის, ჩემი მსახურისა და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე სახელით; საპატიო სახელი მოგეცი, თუმცა არ მიცნობდი.
- 5მე ვარ უფალი და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი; მე შემოგარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.
- 6რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.
- 7მე ვსახავ სინათლეს და ვქმნი ბნელს, ვიქმ მშვიდობას და ვქმნი უბედურებას, მე ვარ უფალი, რომელიც იქმს ყოველივე ამას.
- 8მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.
- 9ვაი თავის შემქმნელთან მოდავეს, როგორც ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა მეთიხეს, რას აკეთებო? ან ნამოქმედარი იტყვის შენზე, ხელები არა აქვსო?
- 10ვაი თავის მამისთვის მთქმელს: "რისთვის ჩამსახე?” ან ქალისთვის: "რად ეწამე ჩემზე მშობიარობისას?”
- 11ასე ამბობს უფალი, წმიდა ისრაელისა და შემქმნელი მისი: "ჩემი ძეების მომავალზე მეკითხებით მე? და ჩემი ხელის ნაკეთებზე მავალდებულებთ?
- 12მე შევქმენი დედამიწა და შევქმენი ადამიანი მასზე; ჩემმა ხელებმა გადაჭიმეს ზეცა და მთელი მისი ლაშქარი მე დავადგინე.
- 13მე დავადგინე ის სიმართლით და ყველა მის გზას მე მოვასწორებ, ის ააშენებს ჩემს ქალაქს და წარგზავნის ჩემს დევნილებს საფასურისა და ძღვენის გარეშე!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 14ასე ამბობს უფალი: "ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი.
- 15მართლაც შენა ხარ ღმერთი დაფარული, ღმერთი - ისრაელის მხსნელი.
- 16შერცხვებიან და დამცირდებიან ყველანი, ერთად გაილანძღებიან კერპთა მკეთებელნი.
- 17იხსნა უფალმა ისრაელი საუკუნო ხსნით; არა, არ შერცხვებით და არ დამცირდებით საუკუნოდ”.
- 18რადგან ასე ამბობს უფალი, ზეცის შემოქმედი, რომელიც დედამიწის გამომსახველი და შემქმნელი ღმერთია; მან დააფუძნა იგი არა ამაოდ, არამედ იმისთვის გააჩინა, რომ დამკვიდრებულიყვნენ მასზედ: "მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.
- 19ფარულად, დედამიწის წყვდიადში არ მილაპარაკია, არ მითქვამს იაკობის თესლისთვის: "ამაოდ მეძიებთ!” მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, მართებულის გამცხადებელი.
- 20შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.
- 21გამოაცხადეთ და თქვით, ერთმანეთში მოითათბირეთ: ვინ განაცხადა ეს ძველთაგანვე და წინდაწინ ვინ თქვა? განა მე არა, უფალმა? და არაა სხვა ღმერთი, ღმერთი - მართალი და მხსნელი, ჩემ გარდა!
- 22მომიბრუნდით და გადარჩით, დედამიწის ყველა კიდიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
- 23ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.
- 24მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა; მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველა მასზე გაჯავრებულნი.
- 25უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი შთამომავლობა”.
იტვირთება შემდეგი თავი