ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 55

  1. 1
    ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
  2. 2
    რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს - რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.
  3. 3
    მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.
  4. 4
    აჰა, მოწმედ დაგადგინე ხალხთათვის, მთავრად და მბრძანებლად ერთათვის,
  5. 5
    აჰა, მოუხმობ ერს, რომელსაც არ იცნობდი და ერი, რომელიც არ გიცნობდა, გამოიქცევა შენთან, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის გულისთვის, ვინაიდან მან განგადიდა შენ.
  6. 6
    ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.
  7. 7
    მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
  8. 8
    რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! - ამბობს უფალი;
  9. 9
    და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე.
  10. 10
    რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;
  11. 11
    ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
  12. 12
    მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.
  13. 13
    კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად - მურტი; და იქნება იგი უფლის სახსენებლად, მარადიულ ნიშნად და არ მოიკვეთება.
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 55 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა