ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 56
- 1ასე ამბობს უფალი: "შეინახეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან მალე მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.
- 2ნეტარია ის კაცი, ასე რომ იქცევა და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ყოველგვარი ბოროტებისგან რომ აკავებს თავის ხელს”.
- 3დაე, ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, რომელიც შეუერთდა უფალს: "უსათუოდ მომწყვეტს უფალი თავის ხალხსო!” და ნუ იტყვის საჭურისი: "აჰა, გამხმარი ხე ვარო!”
- 4რადგან ასე ამბობს უფალი: "საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან;
- 5მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება.
- 6უცხოტომელთა ძეებსაც, უფალს რომ შეუერთდნენ, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ უფლის სახელი და იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, ვინც შეუბღალავად ინახავს შაბათს და მტკიცედ ეჭიდება ჩემს აღთქმას,
- 7ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”.
- 8ასე ამბობს უფალი, ღმერთი, გაფანტული ისრაელიანების შემკრები: სხვებსაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილთ.
- 9მინდვრის ყველა ცხოველო და ტყის ყველა მხეცო, მოდით და ჭამეთ!
- 10მისი გუშაგნი ბრმები არიან, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა, მწოლიარე მესიზმრენი, თვლემის მოყვარულნი.
- 11ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი; მწყემსები არიან, მაგრამ გონიერება არა აქვთ. ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკლებლივ ყველამ - თავისი უმართლო ანგარებისკენ.
- 12ამბობენ "მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”
იტვირთება შემდეგი თავი