ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 57

  1. 1
    იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.
  2. 2
    ის სიმშვიდეში შედის, თავის სარეცელზე განისვენებს, სწორი გზით მავალი.
  3. 3
    მოახლოვდით, გრძნეული ქალის ძენო, შთამომავალნო მრუშთა და მეძავთა.
  4. 4
    ვისზე სეირობთ, ვისზე აფჩენთ პირს, იგრძელებთ ენას, განა ურჯულოების შვილები და სიცრუის თესლი არა ხართ?
  5. 5
    კერპებით აღეგზნებით ყოველი აყვავებული ხის ძირში, ბავშვების შემწირავნო ხევებსა და კლდეთა ნაპრალებში.
  6. 6
    ხევის გლუვ ქვებშია შენი წილი. ისაა შენი ხვედრი. მათ სწირავდი საღვრელსა და პურეულს. არაფრად ჩავაგდო ეს ყველაფერი?
  7. 7
    მაღალ და წარმოსაჩენ მთაზე გაიწყობ სარეცელს და იქაც მსხვერპლის შესაწირად ადიხარ.
  8. 8
    კარებისა და წირთხლის უკან ტოვებ სამახსოვრო ნიშნებს, რადგან გამშორდი, გაშიშვლდი და ამაღლდი, გაიფართოვე შენი სარეცელი და აღთქმა დადე მათთან, რომელთა საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა.
  9. 9
    მეფესაც ეახელი ნელსაცხებლით, გაიმრავლე ფერუმარილი, ძალიან შორს გზავნიდი მაცნეებს და ქვესკნელამდე დამდაბლდი.
  10. 10
    იღლებოდი შენს შორეულ გზებზე, მაგრამ არ გითქვამს, იმედი დავკარგეო. ძალებს განიახლებდი და ამიტომ არ იქანცებოდი.
  11. 11
    ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა იცრუე, არ გამიხსენე და გულს აღარ მიდებდი? დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი?
  12. 12
    გამოვაცხადებ შენს ეგრეთწოდებულ სიმართლესა და ნამოქმედარს, მაგრამ სარგებელს არ მოგიტანს შენ.
  13. 13
    როცა იყვირებ, გიშველოს შენი კერპების კრებულმა! ყველას ქარი წარიტაცებს და ორთქლი წარხვეტავს, ჩემზე დაიმედებული კი ქვეყანას მიიღებს მემკვიდრეობად და ჩემს წმიდა მთას დაეუფლება”.
  14. 14
    იტყვის: "მოასწორეთ, მოასწორეთ, გაათავისუფლეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!”
  15. 15
    ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
  16. 16
    რადგან არ ვიდავებ საუკუნოდ და არც უკუნისამდე ვიქნები განრისხებული, თორემ დაუძლურდება სული ჩემს წინაშე და მათი სამშვინველი, მე რომ შევქმენი.
  17. 17
    მისი ანგარების ცოდვის გამო ვბრაზობდი და ვლახვრავდი მას; დავემალე, რადგან ვბრაზობდი, ის კი თავხედურად დადიოდა თავისი გულის გზით.
  18. 18
    ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.
  19. 19
    მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორეულსა თუ ახლობელს, ამბობს უფალი, - და მე განვკურნავ მას!
  20. 20
    ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი.
  21. 21
    არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის! - ამბობს ჩემი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 57 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა