ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 58

  1. 1
    "ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, საყვირივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს - მისი ცოდვები.
  2. 2
    თუმცა ყოველდღე მეძებენ და სურთ გაიგონ ჩემი გზები, იმ ერების მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავისი ღმერთის სამართალს რომ არ გაურბიან; მართალ განკითხვას რომ ეძიებენ და ღმერთთან სიახლოვეში რომ ნეტარებენ.
  3. 3
    რისთვის ვიმარხულეთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის დავიმდაბლეთ თავი, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს საწადელს იკმაყოფილებთ და მუშაკებს ავიწროებთ.
  4. 4
    აჰა, იმისთვის მარხულობთ, რომ იდავოთ, იშუღლოთ და ბოროტად ურტყათ მუშტები; არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ზეცაში.
  5. 5
    განა ასეთი მარხვა ავირჩიე, დღე კაცმა რომ თავი დაიტანჯოს, ლერწამივით თავი დახაროს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი დაიგოს? ამას უწოდებთ მარხვას და უფლის სათნო დღეს?
  6. 6
    განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე - დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაგლიჯო უღლის აპეურები, გაათავისუფლო ჩაგრულნი და დალეწო ყველა უღელი?
  7. 7
    რომ მშიერს პური უწილადო და უსახლკარო ღატაკი სახლში შეიყვანო? შიშველს რომ ნახავ შემოსო და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
  8. 8
    მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და სწრაფად აღმოცენდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
  9. 9
    მაშინ მოუხმობ და გიპასუხებს უფალი, შეჰღაღადებ და იტყვის: "აქ ვარ!” თუ შენი წიაღიდან უღელს მოიცილებ, თითს აღარ გაიშვერ და ბოროტებას აღარ ილაპარაკებ;
  10. 10
    თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი - შუადღესავით იქნება.
  11. 11
    მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.
  12. 12
    უძველეს ნანგრევებს ააშენებ, ძველისძველ საძირკვლებს აღადგენ და დაგერქმევა დანგრეულის აღმშენებელი, საცხოვრებელი ადგილის ბილიკთა განმაახლებელი.
  13. 13
    თუ დააკავებ ფეხს შაბათის გამო და საწადელს არ აისრულებ ჩემს წმიდა დღეს. შაბათს "ნეტარებას” უწოდებ და უფლის წმიდა დღეს - "საპატიოს” თუ პატივს მიაგებ მას და საკუთარი გზებით არ ივლი, საკუთარი თავის სიამეს არ მოძებნი და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,
  14. 14
    მაშინ იპოვი შენს სიხარულს უფალში, დედამიწის სიმაღლეებზე აგიყვან და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ილაპარაკა!”
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 58 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა