ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 59
- 1აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
- 2არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
- 3რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
- 4არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
- 5ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
- 6არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
- 7ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
- 8მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
- 9ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
- 10ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
- 11ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
- 12ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
- 13ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
- 14უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
- 15და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
- 16იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
- 17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
- 18ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
- 19შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
- 20და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
- 21მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი