ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 60
- 1"აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
- 2რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება.
- 3ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.
- 4თვალები აღაპყარი, მიმოიხედე და იხილე: ყველანი ერთად შეკრებილან და შენკენ მოდიან; შორიდან მოემართებიან შენი ძეები და შენი ასულები ხელში აყვანილი მოჰყავთ.
- 5მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, გაოცდები და გაიხარებს შენი გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვასავით სიმდიდრე და ერების დოვლათს შენთან მოიტანენ.
- 6აქლემთა სიმრავლე დაგფარავს, მიდიანისა და ყეფას კოზაკები. შებადან მოვლენ ყველანი, ოქროსა და გუნდრუკს მოიტანენ და უფლის ქების კეთილ ამბავს აუწყებენ.
- 7კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენი იქნება, სასურველ მსხვერპლად ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემს დიდებულ სახლს განვადიდებ.
- 8ვინ არიან, ღრუბელივით რომ დაფრინავენ და მტრედებივით - თავიანთი სამტრედისკენ?
- 9დიახ, კუნძულები დამელოდებიან და თარშიშის ხომალდები პირველნი მოვლენ, რათა შორიდან მოიყვანონ შენი ძეები თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სახელის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
- 10უცხოტომელთა ძენი აგიშენებენ გალავნებს და მათი მეფენი მოგემსახურებიან; მართალია, ჩემს მრისხანებაში გგვემე, მაგრამ ჩემი მადლით შეგიბრალე.
- 11მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ დაიკეტება არც დილით და არც ღამით, რათა ერების სიმდიდრე მოგიტანონ მათმა მეფეებმა.
- 12რადგან ერი და სამეფო, რომელიც არ მოგემსახურება, დაიღუპება და აოხრდებიან ერები.
- 13ლიბანის დიდება მოვა შენთან: ალვა, ნეკერჩხალი და კვიპაროსი - ერთად, რათა საწმიდრის ადგილი დამიმშვენონ; და ჩემს ფერხთა ადგილს მე განვადიდებ.
- 14შენი მჩაგვრელების ძენი ქედმოხრილნი მოვლენ შენ წინაშე, შენი მოძულენი შენს ფეხთა თითებთან დაემხობიან; და გიწოდებენ უფლის ქალაქს, სიონს, ისრაელის წმიდისა.
- 15იმის წილ, რომ მიტოვებული და მოძულებული იყავი და არავინ იყო შენში გამვლელი, საუკუნო სიამაყედ გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.
- 16ერთა რძეს და მეფეთა ძუძუს მოსწოვ; მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი, შენი გადამრჩენელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
- 17სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად - ვერცხლს, ხის ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას; მშვიდობას დაგიდგენ მმართველად და სიმართლეს ზედამხედველად.
- 18აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და ნგრევა - შენს საზღვრებში. ხსნას უწოდებ შენს გალავნებს და ქებას - შენს კარიბჭეებს.
- 19მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
- 20აღარ ჩავა შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაიბინდება, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი გლოვის დღეები დასრულდება.
- 21მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.
- 22მცირე ათასად გადაიქცევა და უმცირესი - ძლიერ ერად: მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!”
იტვირთება შემდეგი თავი