ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 61

  1. 1
    უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
  2. 2
    უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
  3. 3
    მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
  4. 4
    კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.
  5. 5
    დადგებიან უცხონი და მათ ცხვარს დამწყემსავენ; უცხოტომელთა ძენი იქნებიან მათი მიწათმოქმედნი და მევენახენი.
  6. 6
    და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო - იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.
  7. 7
    ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ.
  8. 8
    რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.
  9. 9
    და ცნობილი იქნება მათი თესლი ერებში და მათი შთამომავლობა - ხალხთა შორის, ყველა მათი მნახველი იცნობს მათ, რადგან უფლის მიერ კურთხეულის თესლია ისინი.
  10. 10
    სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.
  11. 11
    რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 61 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა