ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 62
- 1არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით - მისი ხსნა.
- 2ერები დაინახავენ შენს სიმართლეს და ყველა მეფე - შენს დიდებას; ახალ სახელს გიწოდებენ, რომელსაც უფლის ბაგე გამოაცხადებს.
- 3მშვენიერების გვირგვინად იქნები უფლის ხელში და სამეფო შარავანდედად შენი ღმერთის მარჯვენაში.
- 4აღარ იტყვიან შენზე - "მიტოვებული” და შენს ქვეყანაზე - "უკაცრიელი”, არამედ - "ჩემი სასურველი” გეწოდება შენ და შენს ქვეყანას - "გათხოვილი” რადგან სასურველი ხარ უფლისთვის და მასზე იქნება გათხოვილი ქვეყანა შენი.
- 5როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ასე იქორწინებენ შენზე შენი ძენი, და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთი.
- 6გუშაგები დავადგინე შენს გალავნებზე, იერუსალიმ, არასოდეს დადუმდებიან ისინი, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამხსენებელნო, ნუ დადუმდებით.
- 7ნუ მოასვენებთ მას, სანამ არ განამტკიცებს, სანამ ქებად არ აქცევს იერუსალიმს ქვეყანაზე.
- 8თავისი მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი თავისი ძლიერებისა - აღარასოდეს მივცემ შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და ვეღარ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე,
- 9რადგან მისი მომკელნი შეჭამენ მას და უფალს შეაქებენ, მისი მკრეფელნი შესვამენ მას, ჩემი საწმიდრის ეზოებში.
- 10გაიარეთ, გაიარეთ კარიბჭეებში, მოუმზადეთ სავალი ხალხს, მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაასუფთავეთ ქვებისგან, ბაირაღი აღმართეთ ხალხებისთვის.
- 11აჰა, ქვეყნის კიდეებამდე გამოაცხადა უფალმა: უთხარით სიონის ასულს: "აჰა, მოვიდა შენი ხსნა! აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა”.
- 12და უწოდებენ მათ წმიდა ხალხს, უფლის მიერ გამოსყიდულთ. შენ კი მოძებნილი, მიუტოვებელი ქალაქი დაგერქმევა.
იტვირთება შემდეგი თავი