ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 63
- 1ვინ არის ეს, ედომიდან მომავალი, მეწამული სამოსლით - ბოცრადან? ასე დიდებული თავის სამოსელში, გამომავალი თავისი დიადი ძალით? "ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, შემძლე ვარ ხსნისა.
- 2რატომაა წითელი შენი ტანსაცმელი და სამოსელი როგორც საწნახელში დამწურავისა?
- 3მარტომ დავწურე მტევნები და არავინ იყო ჩემთან. ჩემს რისხვაში ვწურავდი მათ და ვსრესდი ჩემს გულისწყრომაში. მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი დავსვარე.
- 4რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემი გამოსყიდვის წელი დადგა.
- 5ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.
- 6დავთრგუნე ხალხები ჩემი რისხვით, დავათვრე ჩემი გულისწყრომით და მიწაზე დავანთხიე მათი სისხლი.
- 7გავიხსენებ უფლის სიკეთეს და უფლის დიდებულ საქმეებს, ყველაფერს, რაც უფალმა გვიწყალობა - დიდი სიკეთე უწყალობა ისრაელის სახლს, თავისი თანაგრძნობითა და სიქველის სიუხვით.
- 8თქვა მან: "ნამდვილად ჩემი ხალხია ისინი, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ”. და მხსნელი იყო იგი მათთვის.
- 9არ მიუტოვებია ისინი არცერთ უბედურებაში და მის წინაშე მდგარი ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი; ხელში აყვანილთ ატარებდა ყოველთვის - ძველთაგანვე.
- 10მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.
- 11მაშინ გაიხსენეს მოსე, ძველი დღეები: სად არის იგი, ზღვიდან რომ გამოიყვანა ხალხი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად? სად არის ის, ვინც თავისი წმიდა სული ჩადო მათ წიაღში?
- 12ვინც თავისი სახელოვანი მკლავით წარმართა მოსეს მარჯვენა, გააპო წყლები მათ წინაშე, რათა საუკუნოდ განეთქვა სახელი?
- 13ვინც უძღოდა მათ სიღრმეებში, როგორც ცხენს ველზე, ისე რომ არ წაბორძიკებულან ისინი?
- 14როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.
- 15გადმოიხედე ზეციდან, იხილე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი მოშურნეობა და ძლევამოსილება? დაგვიკავე შენი გულუხვობა და თანაგრძნობა.
- 16რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, თუმცა არ გვიცნობს აბრაჰამი და ისრაელი არ გვაღიარებს; ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.
- 17რად გადაგვახვევინე შენი გზებიდან, უფალო, და გაგვიქვავე გულები, რომ არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მსახურების, შენი სამკვიდროს ტომთა გულისთვის.
- 18ცოტახნით დამკვიდრდა შენი ხალხი, წმიდავ, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი.
- 19ისე გავხდით, თითქოს არასოდეს გიბატონია ჩვენზე და არ ვწოდებულვართ შენი სახელით!
იტვირთება შემდეგი თავი