იაკობის წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
- 2ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
- 3რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
- 4მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
- 5თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
- 6ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
- 7ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
- 8გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
- 9თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
- 10მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
- 11ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
- 12ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
- 13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
- 14არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
- 15როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
- 16ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
- 17ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
- 18მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
- 19ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
- 20რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
- 21ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
- 22იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
- 23რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
- 24შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
- 25მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
- 26თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
- 27ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
იტვირთება შემდეგი თავი