იაკობის წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    ჩემო ძმებო, მიკერძოება ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში.
  2. 2
    რადგან თუ შემოვა თქვენს სინაგოგაში ოქროსბეჭდიანი, ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი კაცი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით,
  3. 3
    შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.
  4. 4
    განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
  5. 5
    ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?
  6. 6
    თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
  7. 7
    განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
  8. 8
    თუ ასრულებთ სამეფო რჯულს წერილის მიხედვით: "შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, კარგს შვრებით.
  9. 9
    მაგრამ თუ პირფერობთ, ცოდვას სჩადიხართ და რჯული გამხელთ, როგორც რჯულის დამრღვევთ,
  10. 10
    რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
  11. 11
    რადგან "არ იმრუშო!”-ს მთქმელმა ასევე თქვა: "არ მოკლა!” და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხარ.
  12. 12
    ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსაკითხველებმა.
  13. 13
    რადგან უმოწყალო სამსჯავრო - წყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.
  14. 14
    ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!
  15. 15
    თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
  16. 16
    რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
  17. 17
    ასევეა რწმენაც - თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
  18. 18
    მაგრამ ვინმე იტყვის: "შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.
  19. 19
    შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
  20. 20
    შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?
  21. 21
    განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა?
  22. 22
    ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა;
  23. 23
    და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: "ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”.
  24. 24
    ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
  25. 25
    ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა?
  26. 26
    რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.
იტვირთება შემდეგი თავი