იაკობის წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები, რადგან იცოდეთ, რომ ასეთები უფრო მეტად განვისჯებით,
- 2ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.
- 3აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მათ მთელ სხეულს.
- 4აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა მიმოიტაცონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს.
- 5ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ჰბუგავს დიდ ტყეს.
- 6ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული. ის ბილწავს მთელს სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან.
- 7რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ.
- 8ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუკავებელი ბოროტებაა ეს და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
- 9მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
- 10ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო.
- 11განა ერთი წყაროს თვალიდან მოედინება ტკბილი და მწარე?
- 12ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს - ლეღვი? ასევე არ შეიძლება ერთი წყაროდან მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.
- 13ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
- 14მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
- 15ეს არ არის მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური.
- 16რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.
- 17ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
- 18სიმართლის ნაყოფი მშვიდობაში ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.
იტვირთება შემდეგი თავი