იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ისმინე სიტყვა, შენზე რომ თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!
- 2ასე ამბობს უფალი: "ნუ ივლით წარმართთა გზებით და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, როგორც წარმართებს ეშინიათ.
- 3რადგან ხალხთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეები არიან ისინი, ოსტატის მიერ ცულით გამოთლილნი.
- 4ვერცხლითა და ოქროთი კაზმავენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით აჭედებენ, რომ არ ირყეოდნენ.
- 5ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ; აქეთ-იქით დაატარებენ, რადგან თავად სიარული არ იციან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც გიბოროტებენ და ვერც სიკეთეს მოგიტანენ.
- 6არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.
- 7ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის მეუფის წოდება; არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და მთელ მათ სამეფოებში.
- 8ყველანი ერთად გამოსულელდნენ და გაუგუნურდნენ, ხის კერპისგან იღებენ ამაო დარიგებას.
- 9ნაჭედი ვერცხლი თარშიშიდან ამოიტანეს, ოქრო კი - უფაზიდან, ოსტატთა და ოქრომჭედელთა მიერაა ნაკეთები; ლურჯი და მეწამულია მათი სამოსელი, ხელოსნების დამზადებული.
- 10მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე; მისი რისხვისას ირყევა დედამიწა და ვერ უძლებენ მის მრისხანებას ხალხები.
- 11ასე უთხარით მათ: ღმერთები, რომლებსაც არ შეუქმნიათ ცები და მიწა, აღიგვებიან ამ ქვეყნიდან და ცისქვეშეთიდან.
- 12მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონიერებით განავრცო ცები.
- 13ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
- 14სულელია ყველა ადამიანი, ცოდნას მოკლებული. შერცხვენილია ყველა ოქრომჭედელი თავისი კერპების გამო, რადგან სიყალბეა მათ მიერ გამოდნობილი ქანდაკებები, სამშვინველი არ არის მათში.
- 15უსარგებლონი არიან ისინი, დაცინვის საგანი. დაიღუპებიან მათი დასჯის დღეს.
- 16ასეთი არ არის იაკობის წილი, რადგან ყველაფრის შემოქმედი ღმერთია იგი, ისრაელი კი მისი სამკვიდრო ტომია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 17აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ალყაში (ტყვეობაში) მცხოვრებო.
- 18რადგან ასე ამბობს უფალი: "აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ამ ქვეყნის მცხოვრებთ; შევაჭირვებ მათ, რომ აღარავინ იპოვებოდეს.
- 19ვაი მე, ნაღრძობის გამო, განუკურნებელია ჩემი ჭრილობა; ვთქვი: ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა, უნდა ვატარო!
- 20ჩემი კარავი გაძარცვულია, ყველა საბელი დაწყვეტილია, ძენი წამივიდნენ, აღარ არიან; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამწევი.
- 21რადგან გამოსულელდნენ მწყემსები, აღარ ეძებენ უფალს; ამის გამოა, რომ ხელი აღარ ემართებათ, მთელი სამწყსო გაეფანტათ.
- 22ხმა უწყებისა: აჰა, მოდის, დიდი მღელვარებაა ჩრდილოეთიდან, რათა გააუკაცრიელოს და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.
- 23ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.
- 24დამარიგე, უფალო, მხოლოდ სამართლით და არა შენი რისხვით, რომ არ დავიღუპო.
- 25გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.
იტვირთება შემდეგი თავი