იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიასადმი:
  2. 2
    "ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკე იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ.
  3. 3
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ აღთქმის სიტყვებს,
  4. 4
    რომელიც დავუდე თქვენს მამებს, ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან მათი გამოყვანის დღეს, და ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და ისე მოიქეცით, როგორც გიბრძანებთ; და იქნებით ჩემი ხალხი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
  5. 5
    რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, მოგცემთ-მეთქი რძისა და თაფლის მდინარეებიან ქვეყანას, როგორც დღეს არის”. ვუპასუხე: "ამინ, უფალო!”
  6. 6
    მითხრა უფალმა: "ასე გამოაცხადე ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში: ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ-თქო.
  7. 7
    რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა.
  8. 8
    მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა. ამიტომ მოვაწევ მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვას, რომელზეც ვუბრძანე რომ შეესრულებინათ და არ შეასრულეს”.
  9. 9
    მითხრა უფალმა: "შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებლებში.
  10. 10
    დაუბრუნდნენ საკუთარი მამების ურჯულოებას, უარი რომ თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე; გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ. დაარღვია ჩემი აღთქმა ისრაელისა და იუდას სახლმა, მათ მამებთან რომ დავდე.
  11. 11
    ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას მოვაწევ მათზე, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; მაშინ კი შემომღაღადებენ, მაგრამ აღარ მოვუსმენ.
  12. 12
    წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღადებენ ღმერთებს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ გამოიხსნიან უბედურებიდან.
  13. 13
    აკი შენი ქალაქების რიცხვისამებრ გყავდა ღმერთები, იუდასა და იერუსალიმის ქუჩების რიცხვისამებრ აღმართეთ სამსხვერპლოები სამარცხვინოდ, სამსხვერპლოები ბაყალისთვის საკმევად.
  14. 14
    შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ლოცვა-ვედრებას აღავლენ მათთვის, რადგან არ შევისმენ, როცა მათი უბედურების გამო შემომღაღადებ.
  15. 15
    რა უნდა ჩემს საყვარელ ხალხს ჩემს ტაძარში, როცა ამდენ ბოროტებას სჩადის? განა აგარიდებს სასჯელს სამსხვერპლოს ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?!”
  16. 16
    ამწვანებული, მშვენიერი და ნაყოფით დახუნძლული ზეთისხილი გიწოდა უფალმა; მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი შეენთო და რტოები გაუნადგურა.
  17. 17
    ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა თქვა, რომ უბედურება გელის, ისრაელისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაბრაზებლად სჩადიოდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ.
  18. 18
    უფალმა განმიცხადა და გამაგებინა, მაჩვენა მათი საქმეები.
  19. 19
    კრავივით მიმიყვანეს ყასაბთან, არ ვიცოდი, რა დაეგეგმათ: ხე გავურიოთ მის პურში, მოვკვეთოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მეტად აღარ იხსენებოდეს მისი სახელი.
  20. 20
    ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.
  21. 21
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომ გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ჩვენი ხელით არ მოკვდებიო.
  22. 22
    ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "მე დავსჯი მათ, ჭაბუკნი მახვილით დაეცემიან, მათი ძენი და მათი ასულნი კი შიმშილით გაწყდებიან.
  23. 23
    არავინ გადარჩება მათგან, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელ კაცებზე, მათი მონახულების წელს”.
იტვირთება შემდეგი თავი