იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 12

  1. 1
    მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები?
  2. 2
    შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი - ძალიან შორს.
  3. 3
    მაგრამ მე მიცნობ, უფალო; მხედავ და გამოსცადე ჩემი გული; ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და გამოაცალკევე განკითხვის დღისთვის.
  4. 4
    როდემდე უნდა გლოვობდეს ქვეყანა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? ცხოველი და ფრინველი მოისრა ქვეყნის მცხოვრებთა ბოროტების გამო. ამბობენ: "ის ვერ ხედავს ჩვენს ბოლოსო”.
  5. 5
    "თუ მორბენლებთან ირბინე და დაიქანცე, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები? თუ მშვიდობიან ქვეყანაში წაიქეცი, მაშინ რაღას იზამ, როცა იორდანე ადიდდება?
  6. 6
    რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.
  7. 7
    დავტოვე ჩემი სახლი, მივატოვე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულის სიყვარული მტრებს ჩავუგდე ხელში.
  8. 8
    ტყის ლომივით არის ჩემთვის ჩემი სამკვიდრო, ჩემ წინააღმდეგ ღრიალებს, ამიტომ შევიძულე.
  9. 9
    ჭრელი მტაცებელი ფრინველივითაა ჩემი სამკვიდრო ჩემთვის; ჭრელი მტაცებელი ფრინველებივით შემოადგნენ ირგვლივ; წადით, შეყარეთ მინდვრის ყველა მხეცი და მის შესაჭმელად მოიყვანეთ.
  10. 10
    მრავალმა მწყემსმა გააოხრა ჩემი ვენახი, ფეხქვეშ გათელა ჩემი მინდორი; ჩემი სასურველი მინდორი ტიალ უდაბნოდ აქციეს.
  11. 11
    გააოხრეს და შემომტირის გაოხრებული; მთელი ქვეყანა გაოხრდა და არავინ ზრუნავს მასზე.
  12. 12
    მოძალადენი შეესივნენ უდაბნოს ყველა ხრიოკ სიმაღლეს, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა.
  13. 13
    ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, ეცადნენ, მაგრამ სარგებელი ვერ ნახეს. ასე რომ, გრცხვენოდეთ თქვენი მოსავლისა - უფლის მგზნებარე რისხვის გამო.
  14. 14
    ასე ამბობს უფალი: "ჩემს ყველა ბოროტ მეზობელს, ის სამკვიდრო რომ ხელჰყვეს, ჩემს ხალხს, ისრაელს, რომ დავუმკვიდრე, აღმოვფხვრი მათი მიწიდან; იუდას სახლს კი გამოვიყვან მათგან.
  15. 15
    რომ აღმოვფხვრი, მერე ისევ შევიბრალებ, თითოეულს თავის სამკვიდროში და თითოეულს თავის ქვეყანაში დავაბრუნებ.
  16. 16
    და თუ ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან, თუ დაიფიცებენ ჩემი სახელით - ცოცხალია უფალი! - როგორც თვითონ ასწავლეს ჩემს ხალხს ბაყალის დაფიცება, მაშინ ისინიც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად.
  17. 17
    მაგრამ თუ არ მომისმენენ, მაშინ აღმოვფხვრი იმ ერს, აღმოვფხვრი და გავანადგურებ!” - ამბობს უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი