იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ, უფლის სახლის ზედამხედველმა, ეს სიტყვები, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა.
  2. 2
    აცემინა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველი და დილეგში ჩააგდო, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლთან.
  3. 3
    მეორე დღეს, როცა ფაშხურმა იერემია გამოუშვა დილეგიდან, უთხრა მას იერემიამ: "ფაშხურს კი აღარ გიწოდებს უფალი, არამედ მაგორ-მისსაბიბს (შიშის ზარი ყოველი მხრიდან).
  4. 4
    რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიშის ზარს დაგცემ შენ და ყველა შენს მეგობარს, თავიანთი მტრების მახვილით დაეცემიან ისინი და შენი თვალით ნახავ ამას; ბაბილონის მეფეს მივცემ ხელში მთელ იუდას, ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით მოსრავს.
  5. 5
    ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მის ნაჯაფარსა და მთელ მის ძვირფასეულობას, იუდას მეფეების მთელ საგანძურს ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, წაიღებენ და ბაბილონში მიიტანენ.
  6. 6
    შენც, ფაშხურ, და ყველას, ვინც შენს სახლში ცხოვრობს, ტყვედ წაასხამენ, ბაბილონში წახვალ, იქ მოკვდები. იქ დაიმარხებით შენ და ყველა შენი მეგობარი, რომლებსაც სიცრუეს უწინასწარმეტყველებდი”.
  7. 7
    შენ დამიყოლიე, უფალო, და დაგყევი; შენ ძლიერი ხარ და მძლიე; მთელი დღე დამცინიან, ყველა მე დამცინის.
  8. 8
    რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.
  9. 9
    ვთქვი: "აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
  10. 10
    ბევრისგან ცუდი მესმოდა, შიში იყო ირგვლივ, ამბობენ: ბრალი დასდეთ და ჩვენც დავდებთო. ყველა მეგობარი, ვისაც ვენდობოდი, ჩემს წაბორძიკებას დარაჯობს; ამბობენ: "იქნებ შეცდეს, მაშინ ვძლევთ და შურს ვიძიებთო”.
  11. 11
    უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
  12. 12
    ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
  13. 13
    უმღერეთ უფალს, აქეთ უფალი! რადგან მან იხსნა გლახაკის სული ბოროტმოქმედთა ხელიდან.
  14. 14
    წყეული იყოს ის დღე, როცა დავიბადე! დაე, ის დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
  15. 15
    წყეული იყოს კაცი, რომელმაც ამცნო მამაჩემს: "ძე შეგეძინაო!” და გაახარა იგი.
  16. 16
    იმ ქალაქებივით იყოს ის კაცი, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად. დაე, კივილი ესმოდეს დილაობით და საბრძოლო განგაშის ხმა შუადღისას,
  17. 17
    იმის გამო, რომ საშოში არ მომკლა, რათა დედაჩემი გამხდარიყო ჩემი სამარე, მისი საშო კი - მარად ორსული.
  18. 18
    რისთვის გამოვედი საშოდან? რომ სატანჯველი და მწუხარება მენახა და სირცხვილში გამეტარებინა ჩემი დღეები?
იტვირთება შემდეგი თავი