იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1უფლის სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ციდკიამ გაგზავნა მასთან ფაშხურ მალაქიას ძე, და ცეფანია, მღვდელმსახურ მაყასეიას ძე და დააბარა:
- 2"შეევედრე უფალს ჩვენთვის, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გვებრძვის. იქნებ მოგვიხდინოს უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი და გააქციოს იგი ჩვენგან”.
- 3მიუგო იერემიამ: "უთხარით ციდკიას,
- 4ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შემოგიბრუნებთ საბრძოლო იარაღს, ხელთ რომ გიპყრიათ და ეომებით ბაბილონის მეფესა და ქალდეველთ, ალყა რომ შემოურტყამთ თქვენი გალავნებისთვის; ამ ქალაქის შუაგულში შევკრებ მათ.
- 5მე თვითონ ვიომებ თქვენს წინააღმდეგ გაწვდილი ხელითა და ძლიერი მკლავით, ბრაზით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით.
- 6მოვსრავ ამ ქალაქის მცხოვრებთ, ადამიანსა და საქონელს; დაიხოცებიან დიდი ჭირით.
- 7ამის შემდეგ კი, ამბობს უფალი, ციდკიას, იუდას მეფეს, მის მონებსა და ამ ქალაქის ხალხს, შავ ჭირს, მახვილს და შიმშილს რომ გადაურჩნენ, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ, მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა ხელში; დასცემენ მათ მახვილის პირით, არ დაინდობენ, არ შეიბრალებენ, არ შეიწყნარებენ.
- 8ამ ხალხს კი უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: აი, სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას ვდებ თქვენ წინაშე.
- 9ამ ქალაქში დამრჩენი მახვილით, შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება; ვინც გავა და ქალდეველებს ჩაბარდება, ალყა რომ შემოგარტყეს, იცოცხლებს და ჯილდოდ ექნება თავისი სიცოცხლე.
- 10ვინაიდან ამ ქალაქის საუბედუროდ მოვაქციე ჩემი სახე, ამბობს უფალი, ბაბილონის მეფეს ჩაუვარდება ხელში და ცეცხლით დაიწვება იგი.
- 11იუდას მეფის სახლს კი ვუთხარი: ისმინეთ უფლის სიტყვა!
- 12სახლო დავითისა! ასე ამბობს უფალი: დილიდან სამართლიანად განიკითხეთ და იხსენით მძარცველის ხელით გაძარცვული, თორემ ცეცხლივით აღიგზნება ჩემი მრისხანება თქვენი ბოროტი საქმეების გამო, აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი.
- 13აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ღელეში მჯდომო, ვაკის კლდევ! ამბობს უფალი, მისი წინააღმდეგი ვარ, ვინც ამბობს: ვინ დაგვესხმის, ვინ მოვა ჩვენს სამკვიდროშიო?
- 14დაგსჯით თქვენი საქმეების მიხედვით, ამბობს უფალი, ცეცხლს ავაგიზგიზებ თქვენს ტყეში და თავის ირგვლივ ყველაფერს შეჭამს იგი”.
იტვირთება შემდეგი თავი