იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1"ვაი მწყემსებს, ჩემი სამწყსოს ცხვარს რომ ანადგურებენ და ფანტავენ!” - ამბობს უფალი.
- 2ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ჩემი ხალხის მწყემსებზე: "თქვენ გაფანტეთ ჩემი ფარა, განდევნეთ, არ იფხიზლეთ მასზე; აჰა, დაგსჯით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ამბობს უფალი.
- 3თვითონ შევკრებ ჩემი ფარის ნარჩენს ყველა ქვეყნიდან, სადაც განვდევნე და თავ-თავიანთ საძოვარზე დავაბრუნებ; განაყოფიერდებიან და გამრავლდებიან.
- 4გამოვიყვან მწყემსებს, რომლებიც მომწყემსავენ მათ, აღარც შეშინდებიან, აღარც დაფრთხებიან და აღარც არაფერი დააკლდებათ, ამბობს უფალი.
- 5აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.
- 6მის დღეებში გამოიხსნება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება ისრაელი; ესაა სახელი, რომელსაც უწოდებენ: უფალი - ჩვენი სიმართლე!
- 7ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო!
- 8არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, რომლებშიც მე განვდევნე ისინი, გამოიყვანა და მოიყვანაო; იცხოვრებენ ისინი თავ-თავიანთ მიწაზე”.
- 9წინასწარმეტყველების გამო მიკვდება გული და მითრთის ძვლები, მთვრალს დავემსგავსე, ღვინით დაძლეულ კაცს, უფლისა და მისი წმიდა სიტყვებისთვის.
- 10რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან გმინავს ქვეყანა წყევლის გამო, გადაიბუგა უდაბნოს საძოვრები; ბოროტებას ესწრაფვიან, უსამართლობას ამკვიდრებენ.
- 11"რადგან შეიბღალა წინასწარმეტყველიცა და ღვთისმსახურიც, ჩემს სახლშიც კი ვიპოვე მათი ბოროტება!” - ამბობს უფალი.
- 12"ამიტომ ისე იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული სიბნელეში, უბიძგებენ და დაეცემიან, ვინაიდან უბედურებას მოვაწევ მათზე მათი მონახულების წელს!” - ამბობს უფალი.
- 13სამარიის წინასწარმეტყველებშიც დავინახე უგუნურება. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცდუნეს ჩემი ხალხი, ისრაელი.
- 14იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.
- 15ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებზე: "აი, ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს, ვინაიდან იერუსალიმის წინასწარმეტყველებისგან გამოდის სიბილწე მთელ ქვეყანაზე”.
- 16ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.
- 17ჩემს მაძაგებელთ ეუბნებიან, უფალი ამბობს, მშვიდობა გექნებათო! ყველა ურჩი გულით მავალს ეუბნებიან, უბედურება არ მოგეწევათო!
- 18მაგრამ ვინ იდგა უფლის სათათბიროში, ვინ მოისმინა და იხილა მისი სიტყვა? ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას და ვინ გაიგონა?
- 19აჰა, რისხვით გამოვიდა უფლის ქარიშხალი, სასტიკი ქარბორბალა; ბოროტმოქმედთა თავზე დატრიალდება იგი.
- 20არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ აღასრულებს, სანამ არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვას, უკანასკნელ დღეებში ნათლად მიხვდებით ამას.
- 21მე არ გამომიგზავნია ის წინასწარმეტყველნი, მაგრამ მორბოდნენ, მე არ მილაპარაკია მათთან, მაგრამ წინასწარმეტყველებდნენ.
- 22ჩემს სათათბიროში, რომ მდგარიყვნენ, მაშინ ჩემს სიტყვებს აუწყებდნენ და მოაქცევდნენ ჩემს ხალხს, თავიანთი ბოროტი გზიდან და ბოროტმოქმედებიდან.
- 23განა მხოლოდ ახლოდან ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, ნუთუ შორიდან ღმერთი არა ვარ?
- 24სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.
- 25გავიგონე, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ წინასწარმეტყველებდნენ სიცრუეს და ამბობდნენ: სიზმარი ვნახე, სიზმარიო!
- 26როდემდე ექნებათ ასეთი გული სიცრუის წინასწარმეტყველთ? როდემდე იწინასწარმეტყველებენ საკუთარი გულის საცდურიდან?
- 27ცდილობენ თავიანთი სიზმრებით, ერთმანეთს რომ უყვებიან, დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო.
- 28წინასწარმეტყველმა, ვინც სიზმარი ნახა, მოყვეს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა ილაპარაკოს. რა საერთო აქვს ბზეს ხორბალთან? ამბობს უფალი.
- 29განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი, და უროსავით არ ანგრევს კლდეს?
- 30ამიტომ, აჰა, მე გამოვდივარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.
- 31აჰა, მე ვარ იმ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, თავისას რომ ლაპარაკობენ, მაგრამ გაიძახიან, ის ამბობსო!
- 32აჰა, მე ვარ სიზმრების ცრუგანმმარტებელთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, სიცრუეს რომ უყვებიან ჩემს ხალხს და თავიანთი სისულელით აცდუნებენ; მე არ გამომიგზავნია ისინი, არაფერი დამივალებია მათთვის, არც არავითარი სარგებელი მოაქვთ ამ ხალხისთვის, ამბობს უფალი.
- 33ახლა, როცა გკითხავს ეს ხალხი ან წინასწარმეტყველი, ან ღვთისმსახური: როგორი სიტყვით დაგტვირთა უფალმაო? ეტყვი: თქვენ ხართ ტვირთი, და მე მიგატოვებთ თქვენ, - ამბობს უფალი.
- 34წინასწარმეტყველი, ღვთისმსახური ან სხვა ვინმე, იტყვის: უფლის სიტყვით ვარ დატვირთულიო, მე დავსჯი მას და მის სახლს.
- 35ასე ეტყვის თითოეული თავის ახლობელს და თითოეული თავის ძმას: რა უპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
- 36აღარ ახსენოთ უფლის სიტყვის ტვირთი, ვინაიდან თითოეულს საკუთარი სიტყვა ექცევა ტვირთად, რადგან თქვენ ამახინჯებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი მეუფის სიტყვებს.
- 37ასე ეტყვი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
- 38თუ კიდევ იტყვით - ტვირთი უფლისა, ასე ამბობს უფალი, რადგან მაინც ამბობთ - ტვირთი უფლისა, მე კი დაგავალეთ, რომ არ გეთქვათ ტვირთი უფლისა,
- 39აჰა, საუკუნოდ მოგიშორებთ ჩემი სახიდან, მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს.
- 40მოვაწევ თქვენზე ლანძღვასა და სამუდამო დამცირებას, რომელსაც აღარ დაივიწყებენ”.
იტვირთება შემდეგი თავი