იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა, უფალმა მაჩვენა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ;
- 2ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველნაყოფი, ხოლო მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია, რომლის ჭამაც არ შეიძლება, სიდამპლის გამო.
- 3მითხრა უფალმა: "რას ხედავ, იერემია?” მივუგე: "ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია და ცუდი ლეღვი ძალიან ცუდია, მისი ჭამა არ შეიძლება, სიდამპლის გამო”.
- 4და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
- 5ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: "კარგი ლეღვებივით ვცნობ გადასახლებულ იუდევლებს, რომელნიც ამ ადგილიდან გავგზავნე ქალდეველთა ქვეყანაში.
- 6მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
- 7გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ”.
- 8ხოლო ცუდ ლეღვზე, რომლის ჭამაც სიდამპლის გამო არ შეიძლება, ასე ამბობს უფალი: "ასე მოვექცევი იუდას მეფე ციდკიაჰუს, მის მთავართ, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ; ასევე ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.
- 9საფრთხობელად და ბოროტებად გავხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის, სამარცხვინოდ და საიგავოდ, დასაცინად და წყევლად ყველა იმ ადგილზე, სადაც გავფანტავ.
- 10მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს დავატეხ მათ, ვიდრე არ აღვგვი იმ მიწიდან, რომელიც მათ და მათ მამებს მივეცი”.
იტვირთება შემდეგი თავი