იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1სიტყვა, რომელიც ისმინა იერემიამ იუდას მთელ ხალხზე იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს. ეს იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა.
- 2ელაპარაკა წინასწარმეტყველი იერემია იუდას მთელ ხალხსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს:
- 3"იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის მეცამეტე წლიდან დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც უფლის სიტყვა მოვიდა ჩემთან; ისევ და ისევ გელაპარაკებოდით, მაგრამ არ ისმენდით.
- 4გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.
- 5გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.
- 6ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და თაყვანი არ სცეთ მათ, ნურც თქვენი ნახელავით გამაჯავრებთ, რომ არც მე გიბოროტოთო.
- 7მაგრამ არ მომისმინეთ, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინეთ თქვენი ნახელავით თქვენსავე საზიანოდ.
- 8ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა,
- 9აჰა, გამოვგზავნი და მივიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ჩემს მსახურთან. და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანასა და მის მკვიდრებზე და ყველა ხალხზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, სამუდამო საფრთხობელად, დასაცინად და ნანგრევებად გადავაქცევ.
- 10ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.
- 11გადაიქცევა მთელი ეს ქვეყანა ნანგრევებად და უდაბნოდ, ემსახურებიან ეს ერები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს.
- 12სამოცდაათი წლის შესრულებისას კი დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს, ამბობს უფალი, მათი ურჯულოების გამო და საუკუნო უდაბნოდ ვაქცევ ქალდეველთა ქვეყანას.
- 13აღსრულდება იმ ქვეყანაზე ჩემი ყველა სიტყვა, მასზე რომ წარმოვთქვი, ყოველივე, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა ყველა ერზე.
- 14რადგან მათაც დაიმონებენ ერნი მრავალნი და დიდი მეფენი; მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნახელავის მიხედვით”.
- 15ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: "აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი.
- 16შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”.
- 17ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.
- 18იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს, მის მეფეებსა და მთავრებს, რათა გადამეცა ისინი ნგრევისთვის, თავზარდაცემისთვის, დაცინვისა და წყევლისთვის, როგორც ეს დღესაა.
- 19ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებს და მთელ მის ხალხს,
- 20ყველა აღრეულ ტომსა და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზასა და ყეკრონს, აშდოდის ნარჩენს,
- 21ედომს და მოაბს, ყამონის ძეთ,
- 22ტვიროსისა და სიდონის ყველა მეფეს, იმ კუნძულების მეფეებს, ზღვის გაღმა რომ იყვნენ;
- 23დედანს, თემას და ბუზს, ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს;
- 24არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებული ყველა შერეული ტომის მეფეს;
- 25ზიმრის, ყელამისა და მადაის ყველა მეფეს;
- 26ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლობელსა და შორეულს; მსოფლიოს ყველა სამეფოს, რაც მიწის ზედაპირზეა; შეშაქის მეფე კი მათ შემდეგ შესვამს.
- 27და უთხარი მათ: "ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, დალევთ და დათვრებით, ამოარწყევთ და დაეცემით, ვერ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც თქვენზე დავუშვებ.
- 28და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის აღებასა და შესმაზე, მაშინ უთხარი: ასე ბრძანა ყოვლადძლიერმა უფალმა: შესვამთ!
- 29რადგან, აჰა, ჩემი სახელით წოდებული ქალაქის განადგურებით ვიწყებ და ნუთუ თქვენ დაუძვრებით სასჯელს? რადგან მახვილს ვუშვებ მიწის ყველა მცხოვრებზე!” ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 30"იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.
- 31ქვეყნის კიდემდე მიაღწევს გრგვინვა, ვინაიდან დავა აქვს უფალს ერებთან, განიკითხავს ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ კი მახვილს გადასცემს” - ამბობს უფალი.
- 32ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, ერიდან ერში გადავა უბედურება და დიდი ქარიშხალი აღდგება ქვეყნის კიდიდან.
- 33და შეიმუსრებიან იმ დღეს უფლის მიერ ქვეყნის კიდიდან კიდემდე, არავინ დაიტირებს მათ, არ აკრეფენ და არ დამარხავენ, განავალივით ეყრებიან დედამიწის ზედაპირზე.
- 34იქვითინეთ, მწყემსებო! იკივლეთ, ნაცარში ჩაწექით, ფარის წინამძღოლნო! რადგან მოაწია თქვენი დაკვლისა და მიმოფანტვის დღემ; დაიმსხვრევით ძვირფასი ჭურჭელივით.
- 35აღარ ექნებათ მწყემსებს თავშესაფარი და ხსნა - ფარის წინამძღოლებს.
- 36მწყემსების ქვითინისა და ფარის წინამძღოლთა გლოვის ხმა ისმის, ვინაიდან უფალი აჩანაგებს მათ საძოვრებს.
- 37იღუპებიან მშვიდობიანი სამკვიდრებლები უფლის მძვინვარების გამო.
- 38ლომივით გამოვიდა იგი თავისი სადგომიდან, და გაუდაბურდა მათი ქვეყანა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო”.
იტვირთება შემდეგი თავი