იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში, ეს სიტყვა იყო უფლისგან.
- 2ასე ამბობს უფალი: "დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი უფლის სახლში თაყვანსაცემად მოსულ იუდას ყველა ქალაქს ეს სიტყვები, მე რომ გიბრძანე მათთვის სათქმელად. არცერთი სიტყვა არ დააკლო.
- 3იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
- 4უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: თუ არ მომისმენთ და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, წინ რომ დაგიდეთ,
- 5თუ არ მოუსმენთ ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს, რომლებსაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, თქვენ კი არ უსმენდით მათ,
- 6მაშინ ამ სახლსაც შილოსავით მოვექცევი: დედამიწის ყველა ერის საწყევლად გავხდი ამ ქალაქს!”
- 7უსმენდნენ მღვდლები, წინასწარმეტყველები და მთელი ხალხი იერემიას, როცა იგი ყველა ამ სიტყვას ამბობდა უფლის სახლში.
- 8დაასრულა თუ არა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც უფალმა უბრძანა ხალხისთვის სათქმელად, შეიპყრეს იგი მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა, და უთხრეს: "უნდა მოკვდე!
- 9რატომ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით, რომ ამბობ: შილოსავით გაუდაბურდება და გაუკაცრიელდება ეს სახლი და ეს ქალაქიო?!” მთელი ხალხი იერემიას ირგვლივ შექუჩდა უფლის სახლში.
- 10ეს ამბავი რომ იუდას მთავრებმა გაიგეს, მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ და უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში დასხდნენ.
- 11უთხრეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელ ერს: "მოსაკლავია ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საწინააღმდეგოდ იწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურით მოისმინეთ!”
- 12მაშინ უთხრა იერემიამ ყველა მთავარსა და მთელ ერს: "უფალმა გამომგზავნა, რომ ამ სახლისა და ამ ქალაქის წინააღმდეგ მეწინასწარმეტყველა ყველა ეს სიტყვა, რაც მოისმინეთ.
- 13ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.
- 14მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. ისე მომექეცით, როგორც უკეთესად და სამართლიანად მიგაჩნიათ.
- 15მაგრამ იცოდეთ: თუ მომკლავთ, მაშინ უდანაშაულო სისხლს დაიდებს ეს ქალაქი და მისი მცხოვრებლები, რადგან ნამდვილად უფალმა გამომგზავნა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკა ყველა ეს სიტყვა”.
- 16მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს: "ეს კაცი სიკვდილს არ იმსახურებს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით გველაპარაკებოდა”.
- 17წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელ კრებულს:
- 18"ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა - ტყიან სიმაღლედ.
- 19განა მოკლეს იგი იუდას მეფე ხიზკიაჰუმ და იუდას მთელმა ერმა? განა არ შეეშინდათ უფლისა და განა არ გამოითხოვეს უფლის კეთილგანწყობა? და უფალმაც გადაიფიქრა იმ უბედურების დაშვება, მათ რომ უპირებდა. ჩვენ კი თვითონ ჩავდივართ დიდ უკეთურებას ჩვენივე თავისთვის!”
- 20კიდევ იყო კაცი, რომელიც უფლის სახელით წინასწარმეტყველებდა - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. ისიც ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებდა, იერემიას მიერ ნათქვამი სიტყვებით.
- 21მოისმინეს მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა, ყველა მისმა ძლიერმა მეომარმა, ყველა მთავარმა; მისი მოკვლა განიზრახა მეფემ; ეს რომ ურიამ გაიგო, შეეშინდა, გაიქცა და ეგვიპტეში ჩავიდა.
- 22და იყო, გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და მასთან ერთად სხვა კაცებიც.
- 23წამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მეფე იეჰოიაკიმს მოჰგვარეს, რომელმაც მახვილით მოკლა იგი, მისი გვამი კი მდაბიოთა სასაფლაოზე გადააგდო.
- 24იერემიას კი ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხს ხელში არ ჩავარდნოდა და არ მოეკლათ.
იტვირთება შემდეგი თავი