იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ასეთი სიტყვა მოვიდა იერემიასთან უფლისგან:
- 2მითხრა უფალმა: "გაიკეთე ჭაპანი და უღელი და ქედზე დაიდე.
- 3და შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონის ძეთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და სიდონის მეფეს ელჩების პირით, იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიასთან რომ მოვიდნენ.
- 4დაავალე, გადასცენ თავ-თავის ბატონებს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გადაეცით თქვენს ბატონებს!
- 5მე შევქმენი ეს ქვეყანა, ადამიანი და პირუტყვი ქვეყნის ზედაპირზე ჩემი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით და იმას ვაძლევ, ვინც ამას იმსახურებს ჩემს თვალში.
- 6ახლა ყველა ეს ქვეყანა ჩემი მსახურის, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისთვის გადამიცია ხელში; მინდვრის მხეცებიც მას მივეცი, რათა ემსახურონ.
- 7მას მოემსახურება ყველა ერი, ასევე მის ძეს, მისი ძის ძესა და მის ძეს, სანამ დაუდგება ჟამი მას და მის ქვეყანასაც, და ახლა ის მოემსახურება მრავალ ერსა და მეფეს.
- 8და იქნება: ერი ან სამეფო, რომელიც არ მოემსახურება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ქედზე ბაბილონის მეფის უღელს არ დაიდგამს, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დავსჯი ამ ერს! ამბობს უფალი, სანამ მისი ხელით არ მოვსპობ.
- 9ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველებსა და თქვენს ჯადოსნებს, თქვენს მესიზმრეებს, თქვენს მკითხავებსა და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოემსახურებით ბაბილონის მეფესო.
- 10ვინაიდან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოგაშორონ თქვენი მიწიდან, რომ მე გაგაძევოთ და დაგღუპოთ.
- 11ერს, რომელიც ქედზე ბაბილონის მეფის უღელს დაიდგამს და მოემსახურება მას, თავის მიწაზე დავტოვებ, ამბობს უფალი, დაამუშავებს და იცხოვრებს იქ.
- 12ვუთხარი ყველა ეს სიტყვა ციდკიასაც, იუდას მეფეს: დაიდგით-მეთქი ქედზე ბაბილონის მეფის უღელი და მოემსახურეთ მას და მის ხალხს, რათა იცოცხლოთ-მეთქი.
- 13რად უნდა გაწყდეთ შენ და შენი ხალხი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც უფალი დაპირდა იმ ერს, რომელიც ბაბილონის მეფეს არ მოემსახურება?
- 14ნუ მოუსმენთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიან: არ ემსახურებითო ბაბილონის მეფეს. ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
- 15თუმცა მე არ წარმომიგზავნია, ამბობს უფალი, ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ ისინი ტყუილს, რათა გაგაძევოთ და დაგღუპოთ თქვენ და თქვენი წინასწარმეტყველები, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ”.
- 16მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, ასე ამბობს-მეთქი უფალი: "ნუ ირწმუნებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ: აჰა, მალე დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელიო, რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ.
- 17ნუ ერწმუნებით მათ, მოემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლებთ; რატომ უნდა იქცეს ეს ქალაქი ნანგრევებად?
- 18თუკი წინასწარმეტყველნი არიან ისინი და უფლის სიტყვაა მათთან, მაშინ შესთხოვონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის ტაძარში, იუდას მეფის სასახლეში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ წაიღონ ბაბილონში.
- 19რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, ზღვაზე, კვარცხლბეკებსა და ამ ქალაქში დარჩენილ დანარჩენ ჭურჭელზე,
- 20ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა არ წაიღო იექონია იეჰოიაკიმის ძის, იუდას მეფის დროს, როცა ბაბილონში განიდევნა იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებული.
- 21აკი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, უფლის სახლში, იუდას მეფის სახლსა და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭელზე:
- 22"ბაბილონში იქნება მიტანილი და იქ იქნება იმ დღემდე, სანამ მოვიკითხავ, ამბობს უფალი, და წამოვიღებ და დავაბრუნებ ამ ადგილზე”.
იტვირთება შემდეგი თავი