იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1ესაა წერილი, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან დევნილთა ნარჩენ უხუცესთ და ღვთისმსახურთ, წინასწარმეტყველთ და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში განდევნა.
- 2ეს მას შემდეგ იყო, მეფე იექონია და დედოფალი, იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი რომ წავიდნენ იერუსალიმიდან.
- 3წერილი გაიგზავნა ყელასა შაფანის ძისა და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც ციდკიამ, იუდას მეფემ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან ბაბილონში, ამ სიტყვებით:
- 4"ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა დევნილს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში განიდევნა:
- 5აიშენეთ სახლები და დაფუძნდით, გაიშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი,
- 6შეირთეთ ცოლები და შვით ძენი და ასულნი; შერთეთ თქვენს ძეებს ცოლები და გაათხოვეთ თქვენი ასულები; მათაც შვან ძენი და ასულნი; გამრავლდით, არ შემცირდეთ.
- 7მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.
- 8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ნუ გაცდუნებენ თქვენი წინასწარმეტყველნი და თქვენი გრძნეულნი, თქვენ შორის რომ არიან, ნურც სიზმრებს ირწმუნებთ, თქვენ რომ გესიზმრებათ.
- 9ვინაიდან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით - მე არ გამომიგზავნია! - ამბობს უფალი.
- 10რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.
- 11ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
- 12მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.
- 13ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით.
- 14თავს გაპოვნინებთ, ამბობს უფალი, და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, შეგკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ, ამბობს უფალი; და დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გაგდევნეთ.
- 15ამბობთ: უფალმა დაგვიყენაო წინასწარმეტყველნი ბაბილონში;
- 16ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის ტახტზე და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ წამოსულან გადასახლებაში;
- 17ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავუშვებ მათზე მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს, და დამპალ ლეღვს დავამგვანებ, რისი ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო.
- 18დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, საფრთხობელად ვაქცევ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის, საწყევრად, შესაძრწუნებლად, გასაქირდად და სალანძღავად ყველა ერში, რომელშიც გავაძევებ.
- 19იმის საზღაურად, რომ არ შეისმინეთ ჩემი სიტყვები, ამბობს უფალი, რომელთაც ვგზავნიდი კვლავ და კვლავ ჩემი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით; გათენებისთანვე ვგზავნიდი, მაგრამ არ შეისმინეთ, ამბობს უფალი.
- 20თქვენც ისმინეთ უფლის სიტყვა, დევნილნო, მე რომ გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში.
- 21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ ჩემი სახელით: აჰა, ხელში ჩავუგდებ მათ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ის მოკლავს მათ თქვენს თვალწინ.
- 22ისინი იტვირთებენ წყევლას იუდას მთელი დევნილებისთვის ბაბილონში; იგავად იტყვიან: დაე, უფალმა გაგხადოს ციდკიასა და ახაბივით, რომლებიც ცეცხლზე შეწვა ბაბილონის მეფემო.
- 23რადგან უგუნურად იქცეოდნენ ისრაელში, მრუშობდნენ მოყვასთა ცოლებთან და სიცრუეს ლაპარაკობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ მიბრძანებია; მე ვარ ამის მოწმე, ამბობს უფალი.
- 24შემაყია ნეხელამელს კი ეტყვი,
- 25ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა მღვდლებს,
- 26რომ უფალმა იეჰოიადაყის ნაცვლად დაგაყენა ღვთისმსახურად, რათა თვალყური გედევნებინა ყოველი შეშლილისთვის უფლის ტაძარში, წინასწარმეტყველად რომ ასაღებს თავს, შეგებორკა და საკანში გამოგემწყვდია.
- 27ახლა რატომ არ ტუქსავ იერემია ყანათოთელს, რომელიც გიწინასწარმეტყველებთ?
- 28რადგან ჩვენც შემოგვითვალა ბაბილონში, დევნილობა ხანგრძლივი იქნებაო; აიშენეთ სახლები, დაფუძნდით, ბაღები გაიშენეთ და მათი ნაყოფი ჭამეთო”.
- 29წინასწარმეტყველ იერემიას გასაგონად წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი;
- 30ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიას მიმართ:
- 31"დევნილებს შეუთვალე: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყია გიწინასწარმეტყველებთ, მე რომ არ გამომიგზავნია, და ამაოდ გაიმედებთ,
- 32ამიტომ ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის თესლს; აღარავინ ეყოლება ამ ხალხში, და ვერ იხილავს იმ სიკეთეს, ჩემს ხალხს რომ უნდა გავუკეთო, ამბობს უფალი, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებდა!”
იტვირთება შემდეგი თავი