იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1სიტყვა, რომელიც უფლისგან იყო იერემიასადმი:
- 2"ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წიგნში ჩაიწერე ყველა სიტყვა, მე რომ გითხარი.
- 3რადგან, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ჩემი ერი - ისრაელი და იუდა უნდა დავაბრუნო ტყვეობიდან; იმ ქვეყანაში დავაბრუნებ, მათ მამებს რომ მივეცი, და დაიმკვიდრებენ მას, ამბობს უფალი”.
- 4ეს არის სიტყვები, უფალმა რომ ილაპარაკა ისრაელსა და იუდაზე:
- 5"ასე ამბობს უფალი: შიშისა და ძრწოლის ხმა მესმის; მშვიდობა არ არის;
- 6იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?
- 7ვაი, ვინაიდან დიდია ეს დღე; არასოდეს ყოფილა მისი მსგავსი; გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის, მაგრამ გამოხსნილ იქნება მისგან.
- 8და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.
- 9თავიანთ უფალ ღმერთს მოემსახურებიან და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.
- 10ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო! ამბობს უფალი, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, გამოგიხსნი შორეული მიწიდან და შენს შთამომავალთ - მათი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.
- 11რადგან, შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, რომლებშიც გაგფანტე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, არამედ სამართლიანად დაგსჯი; დაუსჯელს არ გაგიშვებ”.
- 12რადგან, ასე ამბობს უფალი: "განუკურნებელია შენი ჭრილობა და ფრიად მძიმეა შენი წყლული.
- 13არავინ გამოგესარჩლება, ჭრილობას არავინ შეგიხვევს, კურნება არ არის შენთვის.
- 14ყველა მოყვარემ დაგივიწყა, აღარ გკითხულობენ, რადგან მტერივით დაგჭერი და სასტიკად დაგსაჯე დიდი დანაშაულის გამო; აღურიცხავია შენი ცოდვები.
- 15რატომ კვნესი? დაჭრილი ხარ, განუკურნებელია შენი სატკივარი, რადგან დიდია შენი დანაშაული და აღურიცხავია შენი ცოდვები. მე მოგწიე ეს ყველაფერი.
- 16ყველა შენი მჭამელი შეიჭმევა, ყველა შენი მტერი, ყველა მათგანი დატყვევდება; შენი ამაოხრებელი თავად აოხრდება, შენს მძარცველებს მე გავაძარცვინებ.
- 17მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.
- 18ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.
- 19მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.
- 20უწინდელივით იქნებიან მათი ძენი და დაფუძნდება მისი კრებული ჩემ წინაშე; მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.
- 21მისგან გამოვა მისი წინამძღოლი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი მთავარი. მივიზიდავ და ისიც მომიახლოვდება; განა ვინმე შეძლებს, რომ თვითნებურად მომიახლოვდეს? ამბობს უფალი.
- 22ჩემი ხალხი იქნებით და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
- 23აჰა, ქარიშხალივით, ყოველივეს აღმგველი გრიგალივით გამოდის უფალი; ბოროტეულთა თავზე დატრიალდება ის.
- 24არ შებრუნდება უფლის მგზნებარე რისხვა, ვიდრე არ აახდენს და არ აღასრულებს განზრახულს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
იტვირთება შემდეგი თავი