იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1"იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!
- 2ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.
- 3შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
- 4კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
- 5ისევ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებში, დარგავენ დამრგველნი და მოიმკიან.
- 6ვინაიდან დადგება დღე და დაიძახებენ გუშაგნი ეფრემის მთაზე: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
- 7ასე ამბობს უფალი: "სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა!
- 8აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.
- 9ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
- 10ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!
- 11რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
- 12მოვლენ და ხმამაღლა შესძახებენ სიონის სიმაღლეებზე; უფლის სიკეთეზე იყიჟინებენ: მარცვლეულზე და მაჭარზე, ზეთზე და ცხვარ-ძროხის მონაგებზე, და იქნება მათი სული მორწყული ბაღივით და აღარასოდეს დანაღვლიანდებიან.
- 13მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
- 14მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.
- 15ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.
- 16ასე ამბობს უფალი: "თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
- 17არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი, დაგიბრუნდებიან შენი ძენი ტყვეობიდან!”
- 18ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: "შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
- 19მოვბრუნდი და მოვინანიე მას შემდეგ, რაც მივხვდი და მკერდზე ვიცემდი ხელს; შემრცხვა და დავმცირდი, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილი მიტარებია!”
- 20"განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
- 21"აღმართე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, გული დაუდე და დაუკვირდი გზას, რომლითაც დადიხარ. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი შენს ქალაქებს.
- 22როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალმა ახალი რამ მოიტანა ქვეყანაზე - დიაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!”
- 23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდას ქვეყანასა და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან მობრუნდებიან: უფალმა გაკურთხოს, სამკვიდრებელო სიმართლისა, წმიდა მთაო!
- 24კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მიწათმოქმედნი და მესაქონლენი.
- 25რადგან დავარწყულებ გადაღლილებს და განვაახლებ ყველა დამწუხრებულ სულს”.
- 26ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი.
- 27"აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლებში ადამიანისა და საქონლის თესლს.
- 28და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
- 29იმ დღეებში აღარ იტყვიან: "მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
- 30რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
- 31"აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.
- 32არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” - ამბობს უფალი.
- 33"რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;
- 34და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
- 35ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
- 36"თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”.
- 37ასე ამბობს უფალი: "თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” - ამბობს უფალი.
- 38"აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
- 39ზღვარი მისი შორს, პირდაპირ გიბყათის ღარებამდე გადავა და გოყათისკენ მობრუნდება.
- 40გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.
იტვირთება შემდეგი თავი