იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    უფალი ამბობს: "თუ კაცი ცოლს გაუშვებს, ისიც წავა და სხვა კაცისა გახდება, განა კვლავ დაიბრუნებს მას ქმარი? განა არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მრავალ საყვარელთან მეძავობდი და ახლა მიბრუნდები? ამბობს უფალი.
  2. 2
    მიაპყარ თვალები მოტიტვლებულ სიმაღლეებს და ნახე, სად აღარ მრუშობდნენ შენთან ერთად. გზებზე უსაფრდებოდი მათ, როგორც არაბი უდაბნოში, შებილწე ქვეყანა შენი სიძვითა და ბოროტებით.
  3. 3
    ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.
  4. 4
    წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამავ, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარ!
  5. 5
    ნუთუ ბოლომდე განმირისხდება და არასოდეს გაუვლის გულისწყრომაო? აჰა, ამას ამბობ და ბოროტებას სჩადიხარ, მთელი შეძლებით!”
  6. 6
    მითხრა უფალმა მეფე იოშიას დღეებში: "ნახე, რა გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? ყველა მაღალ მთაზე მიდიოდა და იქ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავობდა.
  7. 7
    ვამბობდი, ყოველივე ამის ჩადენის შემდეგ მომიბრუნდება-მეთქი! არ მობრუნდა. ეს მისმა მოღალატე დამ - იუდამაც იხილა.
  8. 8
    დაინახა, რომ განდგომილი ისრაელი მეძავობის გამო გავუშვი და გაყრის წერილი მივეცი, მაინც არ შეშინდა მისი მოღალატე და იუდა, წავიდა და ისიც მეძავობდა.
  9. 9
    თავისი თავქარიანი მეძავობით შებილწა ეს ქვეყანა, ქვასთან და ხესთან ბილწობდა.
  10. 10
    მაინც არ მობრუნდა ჩემკენ მთელი გულით იუდა, მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად!” - ამბობს უფალი.
  11. 11
    მითხრა უფალმა: "განდგომილი ისრაელი მოღალატე იუდაზე მართალია.
  12. 12
    წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ!
  13. 13
    ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!
  14. 14
    მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს - გვარიდან და მოგიყვანთ სიონში.
  15. 15
    ჩემი გულის კარნახით დაგიდგენთ მწყემსებს და დაგმწყემსავენ ცოდნითა და გონიერებით.
  16. 16
    როცა გამრავლდებით და განაყოფიერდებით მიწაზე, იმ დღეებში, ამბობს უფალი, მეტად აღარ იტყვიან: "კიდობანი უფლის აღთქმისაო”, გულშიც აღარ გაივლებენ, აღარ გაიხსენებენ, აღარც მოენატრებათ და აღარც გაკეთდება.
  17. 17
    იმ დროს "უფლის ტახტს” უწოდებენ იერუსალიმს, უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით.
  18. 18
    იმ დღეებში იუდას სახლი ისრაელის სახლთან ერთად ივლის და მოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს.
  19. 19
    მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.
  20. 20
    მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს ქმარს, ისე მიღალატე, ისრაელის სახლო! ამბობს უფალი.
  21. 21
    მოტიტვლებულ სიმაღლეებზე ისმის ხმა, ისრაელის ძეთა მოთქმა-ვედრება, რადგან გაიუკუღმართეს გზები და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
  22. 22
    მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.
  23. 23
    მართლაც სიყალბე გამოდგა მაღლობები და მთებზე ღრიალი, მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა.
  24. 24
    ეს სირცხვილი ჭამდა ჩვენი სიყმაწვილის ხანიდან ჩვენი მამების ჯაფას, მათ ცხვარსა და ძროხას, მათ ძეებსა და ასულებს.
  25. 25
    ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ზედ ჩვენი გაწბილება გვახურავს, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს ვცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა სიყმაწვილიდან დღემდე; არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას!”
იტვირთება შემდეგი თავი