იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    "თუ მობრუნდები, ისრაელ, ამბობს უფალი, ჩემკენ უნდა მობრუნდე; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ.
  2. 2
    თუ დაიფიცებ უფლის სახელს - ჭეშმარიტებაში, სამართალსა და სიმართლეში, მაშინ გახდები კურთხევად ხალხებისთვის და ღმერთში იდიდებენ ისინიც”.
  3. 3
    რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას კაცებსა და იერუსალიმს: "გატეხეთ ყამირი, ეკალბარდებში ნუ დათესავთ.
  4. 4
    წინადაიცვითეთ უფლისთვის და მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას კაცნო და იერუსალიმში მცხოვრებნო, რათა ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
  5. 5
    აუწყეთ იუდაში და გამოაცხადეთ იერუსალიმში, საყვირს ჩაბერეთ ქვეყანაში, მთელი ძალით იყვირეთ და თქვით: მოდით, შევიკრიბოთ და გამაგრებულ ქალაქებში წავიდეთ.
  6. 6
    სიონისკენ აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი ნგრევა მომაქვს ჩრდილოეთიდან.
  7. 7
    ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან და დაიძრა ხალხთა მომსპობი; გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გააპარტახოს შენი ქვეყანა; აოხრდება და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები.
  8. 8
    ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.
  9. 9
    იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი, შედრკება მეფისა და მთავართა გულები, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან”.
  10. 10
    და ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო! მართლაც შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: მშვიდობა გექნებათო, არადა მახვილი მისწვდა მათ ყელს”.
  11. 11
    იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: "მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხრიოკი სიმაღლეებიდან ჩემი ხალხის ასულის გზისკენ - არც გასანიავებლად და არც გასაწმენდად.
  12. 12
    ამაზე ძლიერი ქარი დაუბერავს ჩემს ბრძანებაზე. მერე მეც წარმოვთქვამ განაჩენს მათ წინააღმდეგ.
  13. 13
    აჰა, ღრუბელივით ამოვა იგი, ქარიშხალივით არიან მისი ეტლები. არწივებზე სწრაფნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენ, რადგან გავნადგურდით”.
  14. 14
    ბოროტება ამოირეცხე გულიდან, იერუსალიმო, რათა გადარჩე; როდემდე უნდა იბუდოს შენში ბოროტმა ზრახვებმა?
  15. 15
    რადგან ხმა გვწვდება დანიდან და უბედურების მაცნე - ეფრემის მთიდან.
  16. 16
    ახლავე უთხარით ხალხებს, გამოუცხადეთ იერუსალიმს: აჰა, დამპყრობელნი მოდიან შორი ქვეყნიდან და დიდი ხმით დასცემენ ყიჟინას იუდას ქალაქებს.
  17. 17
    მეველეებივით გარს უვლიან იერუსალიმს, რადგან მე ამიჯანყდა, ამბობს უფალი.
  18. 18
    შენმა გზამ და შენმა საქმეებმა დაგატეხა ეს ყველაფერი; ასეთია შენი ბოროტება, იმდენად მწარეა იგი, რომ გულამდე მოგწვდა!
  19. 19
    ვაიმე, მუცელი, ჩემი მუცელი! ვიტანჯები! გული მტკივა! ლამის ამომივარდეს! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საომარი ყიჟინა.
  20. 20
    უბედურებას უბედურება მოსდევს, გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ განადგურდა ჩემი კარვები, ერთ წამში - ჩემი ფარდაგები.
  21. 21
    როდემდე უნდა ვუყურებდე ალამს და ბუკის ხმა მესმოდეს?
  22. 22
    უგუნურია ჩემი ხალხი, არ მიცნობს; ბრიყვი შვილები არიან, გონიერება აკლიათ. ბოროტების ჩასადენად ჰყოფნით გონება, მაგრამ სიკეთის კეთება არ იციან.
  23. 23
    შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია, ცებს - და არ ჰქონდათ ნათელი.
  24. 24
    მთებს შევხედე და, აჰა, ირყევიან, ბორცვები ერთიანად ზანზარებენ.
  25. 25
    შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, ცის ყველა ფრინველიც გაფრენილა.
  26. 26
    შევხედე და, აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ ქცეულა, და ყველა ქალაქი გაუკაცრიელებულა უფლის წინაშე, მისი მგზნებარე რისხვისგან.
  27. 27
    რადგან ასე ამბობს უფალი: "მთელი ქვეყანა გაუდაბურდება, მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ მას.
  28. 28
    იგლოვებს ქვეყანა, მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე ვთქვი და მე განვიზრახე, აზრს არ შევიცვლი და არ გადავთქვამ.
  29. 29
    მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის ყველა ქალაქი, უღრანებში შერბიან, კლდეებზე ცოცდებიან; ყველა ქალაქი მიტოვებულია, აღარავინ ცხოვრობს მათში”.
  30. 30
    შენ კი, გაპარტახებულო, რას გააკეთებ? თუმცა მეწამული ჩაგიცვამს, ოქროს მოსართავებით მორთულხარ და თვალები სურმით მოგიხატავს, ამაოდ ილამაზებ თავს. შენმა საყვარლებმა შეგიზიზღეს, შენს სულს ეძიებენ.
  31. 31
    თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: "ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!”
იტვირთება შემდეგი თავი