იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1"მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.
- 2თუმცა ამბობენ: "როგორც უფალია ცოცხალიო”, მაგრამ ნამდვილად ცრუდ იფიცებენ”.
- 3უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.
- 4ვთქვი ჩემთვის: "საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
- 5დიდკაცებთან მივალ, დაველაპარაკები, მათ მაინც ეცოდინებათ-მეთქი უფლის გზა, განკითხვანი თავიანთი ღმერთისა”; მაგრამ მათაც ერთიანად დაუმსხვრევიათ უღელი და დაუწყვეტიათ საბელები.
- 6ამის გამო შემუსრავს მათ ტყის ლომი, უდაბნოს მგელი გააპარტახებს, ჯიქი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს, დაგლეჯს ყოველ იქიდან გამოსულს, რადგან გამრავლდა მათი დანაშაული, გახშირდა მათი განდგომა.
- 7"როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.
- 8გამაძღარი, ატეხილი ულაყებივით არიან - თითოეული თავისი მოყვასის ცოლს შეჭიხვინებს.
- 9არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე?
- 10შედით მის ვენახში და მოსპეთ, მაგრამ არა ბოლომდე. ყლორტები ააჭერით, რადგან უფლისა არ არიან ისინი.
- 11რადგან მიღალატა ისრაელისა და იუდას სახლმა!” - ამბობს უფალი;
- 12ცილს სწამებდნენ უფალს და ამბობდნენ: "არ არის იგი, სიავე არ გვეწევა, მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.
- 13წინასწარმეტყველნი განქარდებიან, უფლის სიტყვა არ არის მათში; ასემც დამართნიათ მათ”.
- 14ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: "რადგან ასეთი სიტყვა თქვით, აჰა, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში, ამ ხალხს კი - შეშად, რომელსაც შთანთქავს იგი!
- 15აჰა, შორიდან მომყავს თქვენზე ხალხი, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი. ძლიერი ხალხია, ძველი ხალხი, ხალხი, რომლის ენა არ იცი, ამიტომ მის ნალაპარაკებს ვერ გაიგებ.
- 16პირღია საფლავია მისი კაპარჭი, ყველანი მამაცი მეომრები არიან.
- 17ის შეჭამს შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეებსა და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარსა და ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებულხარ.
- 18იმ დღეებშიც კი - ამბობს უფალი - არ მოგსპობთ მთლიანად.
- 19და იქნება, როცა იკითხავენ, რის გამო დაგვსაჯაო ასე უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მაშინ უთხარი მათ: როგორც მე დამივიწყეთ და საკუთარ ქვეყანაში უცხო ღმერთებს ემსახურებოდით, ასევე მოემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის.
- 20აუწყეთ ეს იაკობის სახლს და ასე გამოაცხადეთ იუდაში:
- 21ახლა ეს ისმინე, სულელო და უბედურო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ისმენს,
- 22ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას.
- 23ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ.
- 24გულშიც კი არ უთქვამთ: "გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.
- 25თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.
- 26რადგან არიან ჩემს ხალხში ბოროტმოქმედნი, სულგანაბულნი რომ ჩასაფრებულან ფრინველზე მონადირეებივით, დგამენ ხაფანგებს და ადამიანებს იჭერენ.
- 27როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ.
- 28გასუქდნენ და გალაღდნენ, ზღვარს გასცდნენ ბოროტებაში, ობოლთა საქმეში სამართალს არ დაეძებენ, რათა არ გაიმარჯვონ, ღარიბთა საქმეს არ განსჯიან.
- 29არ დაგსაჯო ამის გამო? ამბობს უფალი. განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
- 30საზარელი და საშინელი რამ ხდება ამ ქვეყნად.
- 31წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?”
იტვირთება შემდეგი თავი