იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 34
- 1იყო სიტყვა უფლისგან იერემიასადმი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი მისი ლაშქარი, მისი გამგებლობის ქვეშ მყოფი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და სხვა ქალაქებს.
- 2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: "წადი, ელაპარაკე იუდას მეფეს, ციდკიაჰუს, და უთხარი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში გადაბუგავს მას.
- 3ვერც შენ გაექცევი მას, უსათუოდ შეგიპყრობენ და ხელში ჩაგიგდებენ. თვალს გაუსწორებ ბაბილონის მეფეს და პირისპირ დაელაპარაკები; ბაბილონში წახვალ”.
- 4მაგრამ ისმინე უფლის სიტყვა, ციდკიაჰუ, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: "მახვილით არ მოკვდები!
- 5მშვიდობაში მოკვდები; როგორც შენს მამა-პაპას და შენს წინამორბედ მეფეებს, შენზე წინ რომ იყვნენ, უკმევდნენ საკმეველს, შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონო, დაგიტირებენ, რადგან მე ვთქვი სიტყვა!” - ამბობს უფალი.
- 6უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში,
- 7მაშინ, როცა ბაბილონის მეფის ლაშქარი ებრძოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშსა და აზეკას, რადგან ესენიღა იყვნენ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
- 8სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღთქმა დადო მთელ ხალხთან, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ მონობისგან თავისუფლებას გამოაცხადებდა;
- 9რომ ყველას უნდა გაეთავისუფლებინა თავისი მონა და თავისი მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, რათა აღარავის ჰყოლოდა მონად თავისი მოძმე ებრაელი.
- 10დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ერი, ვისაც აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავიანთ მონებსა და მხევლებს, და აღარავის ეყოლებოდა მონა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
- 11მაგრამ მერე გადაიფიქრეს და დაიბრუნეს თავ-თავისი მონები და მხევლები, რომლებიც გაათავისუფლეს და აიძულეს ისინი, რომ კვლავ მონებად და მხევლებად გამხდარიყვნენ.
- 12და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი, უფლისგან ნათქვამი:
- 13"ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდე აღთქმა თქვენს მამებთან იმ დღეს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი; ვუთხარი:
- 14თითოეულმა თქვენგანმა ყოველი შვიდი წლის შემდეგ გაუშვით თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურათ; თავისუფლად გაუშვით იგი თქვენგან! მაგრამ არ მისმინეს თქვენმა მამებმა, ყური არ დამიგდეს.
- 15თქვენ კი მობრუნდით და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, რომ თითოეულმა გაათავისუფლა თავისი მოყვასი და ჩემ წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
- 16მაგრამ მერე გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი; დაიბრუნეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი მონა და მხევალი, რომლებიც მათი ნებისამებრ გყავდათ გათავისუფლებულნი; და აიძულეთ ისინი, რომ ისევ თქვენი მონები და მხევლები გამხდარიყვნენ.
- 17ამიტომ ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავისი მოყვასი, აჰა, გიცხადებთ, რომ მე დავუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და შიშისზარად გაქცევთ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
- 18იმ კაცებს, რომლებმაც დაარღვიეს ჩემი აღთქმა და არ შეასრულეს იმ აღთქმის პირობები, რომელიც ჩემ წინაშე დადეს, ისე მოვექცევი, როგორც ხბოს, რომელიც ორად გახლიჩეს და მის ნაწილებს შორის გაიარეს.
- 19იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ხალხს, რომლებმაც ხბოს ნაწილებს შორის გაიარეს,
- 20ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მინდვრის მხეცთა საჯიჯგნად იქცევა.
- 21ხოლო ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, და მის მთავრებს, მათი მტრებისა და მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში ჩავაგდებ, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან.
- 22ასეთ ბრძანებას გავცემ, ამბობს უფალი, და ამ ქალაქისკენ მოვაბრუნებ მათ, შეებრძოლებიან, დაიპყრობენ და ცეცხლით გადაბუგავენ მას; უკაცრიელ უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს”.
იტვირთება შემდეგი თავი