იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 35

  1. 1
    სიტყვა, რომელიც ესმა იერემიას უფლისგან იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში:
  2. 2
    "წადი რექაბიანთა სახლში, ელაპარაკე, მიიყვანე უფლის სახლის ერთ-ერთ ოთახში და ღვინო შესთავაზე”.
  3. 3
    წავიყვანე იაყაზანია ირმიაჰუს ძე, ხაბაცინიას ძისა, მისი ძმა და მისი ყველა ძე და რექაბიანთა მთელი სახლი.
  4. 4
    მივიყვანე ისინი უფლის სახლში იგდალიას, ღვთის კაცის შვილის, ხანანის ძის ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო, მაყასეია შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.
  5. 5
    და დავუდგი რექაბიანთა სახლიკაცებს ღვინით სავსე თასები და ჭიქები; ვუთხარი: "დალიეთ ღვინო!”
  6. 6
    მითხრეს: "ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან ასე გვიბრძანა იონადაბმა, რექაბის ძემ, ჩვენმა მამამ: ღვინო არც თქვენ დალიოთ და არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!
  7. 7
    სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!
  8. 8
    გავუგონეთ იონადაბ რექაბის ძის, ჩვენი მამის ხმას, ყველაფერში, რაც გვიბრძანა: ღვინოს მთელი ჩვენი დღეების განმავლობაში არ ვსვამთ, არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ძეები და არც ჩვენი ასულები;
  9. 9
    არც სახლებს ვიშენებთ საცხოვრებლად; არც ვენახი გვაქვს, არც მინდორი და არც თესლი.
  10. 10
    კარვებში ვცხოვრობთ. დავემორჩილეთ და ყოველივე ისე აღვასრულეთ, როგორც იონადაბმა, ჩვენმა მამამ გვიბრძანა.
  11. 11
    მაგრამ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამოვიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ვთქვით: იერუსალიმში წავიდეთ, გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს! და დავრჩით იერუსალიმში”.
  12. 12
    ასეთი სიტყვა მოვიდა იერემიასადმი უფლისგან:
  13. 13
    "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მცხოვრებთ: არ მიიღებთ დარიგებას და არ შეისმენთ ჩემს სიტყვებს? ამბობს უფალი.
  14. 14
    შეასრულეს იონადაბ რექაბის ძის სიტყვები, რომელმაც თავის შთამომავლებს უბრძანა, ღვინო არ დაელიათ; და არ სვამენ ღვინოს, რადგან შეისმინეს მამის ბრძანება. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, გეუბნებოდით და არ მომისმინეთ!
  15. 15
    გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.
  16. 16
    იონადაბ რექაბის ძის შვილებმა შეასრულეს თავიანთი მამის ბრძანება, ამ ხალხმა კი ჩემი არ შეისმინა!
  17. 17
    ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა ის უბედურება, რაც ვთქვი, რადგან ვეუბნებოდი და არ შეისმინეს, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ”.
  18. 18
    რექაბიანთა სახლს კი უთხრა იერემიამ: "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ გაიგონეთ იონადაბის, თქვენი მამის ნათქვამი და დაიცავით მისი ყველა ბრძანება და ყოველივე ისე შეასრულეთ, როგორც გიბრძანათ,
  19. 19
    ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ მოეკვეთება იონადაბ რექაბის ძეს ჩემ წინაშე მჯდომი კაცი უკუნისამდე”.
იტვირთება შემდეგი თავი