იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1სიტყვა, რომელიც იერემიასადმი იყო უფლისგან მას შემდეგ, რაც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა გაათავისუფლა იგი რამადან, როცა შებორკილი იპოვა დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდეველებს შორის, რომელთაც ბაბილონში ასახლებდნენ.
- 2გამოიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა: "უფალმა, შენმა ღმერთმა დამართა ეს ბოროტება ამ ადგილს.
- 3უფალმა დამართა; ისე აახდინა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან უფალს შესცოდეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.
- 4აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელებზე რომ გადევს; თუ მოინდომებ ჩემთან ბაბილონში წამოსვლას, წამოდი და მე ვიზრუნებ შენზე; თუ არ გსურს ჩემთან ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შეხედე, მთელი ქვეყანა შენს წინაა, სადაც უკეთესად და სწორად მიგაჩნია, იქ წადი”.
- 5ჯერ არ გაბრუნებულიყო იერემია, რომ უთხრა ნაბუზარადანმა: "ან დაბრუნდი გედალიაჰუსთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ უფროსად დააყენა იუდას ქალაქებზე, და იცხოვრე იქ, ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნია, იქ წადი!” მისცა მას მცველთა უფროსმა საგზალი, დაასაჩუქრა და გაუშვა.
- 6მოვიდა იერემია გედალიაჰუსთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დარჩა მასთან ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.
- 7გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ, ახიკამის ძე დაადგინა ქვეყნის მმართველად და მისთვის ჰყავდა მიბარებული კაცები, ქალები, ბავშვები და ქვეყნის ღარიბები, რომელნიც არ გადასახლებულან ბაბილონში.
- 8მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანან და იონათან კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაიას ძენი, იეზანია მააქათელის ძე და მათი კაცები.
- 9შეჰფიცა გედალიაჰუმ, შაფანის ძის ახიკამის ძემ მათ და მათ კაცებს: "ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება, დარჩით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს, რათა სიკეთე გქონდეთ.
- 10ხოლო მე მიცფაში დავრჩები, რათა ვიდგე ქალდეველთა წინაშე, ჩვენთან რომ მოვლენ. თქვენ შეაგროვეთ ღვინო, ზაფხულის ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ; დასახლდით იმ ქალაქებში, რომლებიც დაიკავეთ”.
- 11გაიგეს სხვა იუდევლებმაც, მოაბში, ყამონიანებში, ედომში და სხვა ქვეყნებში რომ იყვნენ, რომ ბაბილონის მეფემ იუდეველთა ნაწილი დატოვა და გედალიაჰუ, შაფანის ძის ახიკამის ძე დაუდგინა მათ.
- 12დაბრუნდა ყველა იუდეველი იმ ადგილებიდან, სადაც გაძევებულნი იყვნენ. მოვიდნენ იუდას ქვეყანაში, გედალიაჰუსთან მიცფას და შეაგროვეს ფრიად ბევრი ღვინო და ზაფხულის ხილი.
- 13მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების მხედართმთავრები გედალიაჰუსთან მიცფას;
- 14უთხრეს: "იცი, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ შენს მოსაკლავად გამოგზავნა ისმაელ ნეთანიას ძე?” მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალიაჰუ ახიკამის ძემ.
- 15უთხრა იოხანან კარეახის ძემ გედალიაჰუს მიცფაში საიდუმლოდ: "გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნეთანიას ძეს, ვერავინ ვერაფერს გაიგებს; რად უნდა მოგკლას შენ და რად უნდა გაიფანტოს შენთან შეკრებილი იუდეველები და დაიღუპოს იუდას ნატამალი?”
- 16უთხრა გედალიაჰუ ახიკამის ძემ იოხანან კარეახის ძეს: "ნუ იზამ ამ საქმეს, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე”.
იტვირთება შემდეგი თავი