იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 41
- 1და იყო მეშვიდე თვეს: ისმაელი, ნეთანია ელიშამაყის ძის შვილი, სამეფო თესლიდან, და მეფის დიდებულთაგან ათი კაცი, მასთან ერთად მივიდნენ გედალიაჰუ ახიკამის ძესთან მიცფაში და ერთად ჭამეს იქ პური.
- 2ადგნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალიაჰუ, შაფანის ძის, ახიკამის შვილი; მოკლეს ის, ვინც ბაბილონის მეფემ გაამეფა ქვეყანაში.
- 3ყველა იუდეველი, გედალიაჰუსთან რომ იყო მიცფაში, ასევე ქალდეველი მებრძოლნი, ვინც იქ იყვნენ, დახოცა ისმაელმა.
- 4მეორე დღეს, სანამ გედალიაჰუს სიკვდილი არავის გაეგო,
- 5მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან, ოთხმოცი წვერგაპარსული, ტანსაცმელშემოგლეჯილი და სახედაკაწრული კაცი, ხელთ ძღვენი და გუნდრუკი ეპყრათ, უფლის სახლში მისატანად.
- 6გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; მათ რომ შეხვდა, უთხრა: "მოდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან”.
- 7როცა ქალაქში შევიდნენ, დახოცა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ და ორმოში ჩაყარეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა.
- 8ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც ისმაელს უთხრეს: "ნუ მოგვკლავთ, რადგან მინდორში საიდუმლოდ გვაქვს შენახული ხორბალი და ქერი, ზეთი და თაფლიო”; აღარ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.
- 9ორმო კი, რომელშიც ისმაელმა ყველა იმ კაცის გვამი ჩაყარა, გედალიაჰუს გამო რომ მოკლა, ის იყო, მეფე ასამ რომ ამოთხარა ისრაელის მეფის, ბაყაშასადმი შიშის გამო; ის ორმო გაავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
- 10წარატყვევა ისმაელმა მთელი დარჩენილი ხალხი, მიცფაში რომ იყო, მეფის ასულნი და მიცფაში მონარჩენი ხალხი, რომელიც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, მიაბარა გედალიაჰუ ახიკამის ძეს; ტყვედ წაასხა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ და ყამონის ძეებთან გადასასვლელად გაემართა.
- 11გაიგო იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა ყველა მხედართმთავარმა მთელი ის ბოროტება, რაც ისმაელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა;
- 12გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ ისმაელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს ის დიდ წყლებთან, გაბაონში რომ არის.
- 13გაიხარა ისმაელთან მყოფმა მთელმა ხალხმა, როცა დაინახა იოხანან კარეახის ძე და მხედართმთავრები, მასთან ერთად რომ იყვნენ.
- 14მობრუნდა მთელი ხალხი, ისმაელმა მიცფადან ტყვედ რომ წამოიყვანა, მივიდა და იოხანან კარეახის ძეს გაჰყვა.
- 15ისმაელ ნეთანიას ძემ რვა კაცთან ერთად დააღწია თავი იოხანანს და ყამონის ძეებისკენ გაემართა.
- 16აიყვანა იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა ყველა მხედართმთავარმა მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, ისმაელ ნეთანიას ძისგან რომ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან გედალიაჰუ ახიკამის ძე მოკლა; მებრძოლ კაცებთან ერთად ქალები, ბავშვები და საჭურისნი, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.
- 17წავიდნენ და გიმჰამის დაბაში გაჩერდნენ, ბეთლემთან, რათა ეგვიპტეში გადასულიყვნენ.
- 18ქალდეველებს გასცლოდნენ, რადგან ეშინოდათ მათი, ვინაიდან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალიაჰუ ახიკამის ძე მოკლა, რომელიც ბაბილონის მეფემ დაადგინა ქვეყანაში.
იტვირთება შემდეგი თავი