იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 42

  1. 1
    ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მათთან ერთად მთელი ერი დიდიდან პატარამდე.
  2. 2
    უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: "გევედრებით, შეისმინე ჩვენი მუდარა და ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღმერთის წინაშე მთელ ამ დარჩენილ ხალხზე, რადგან როგორც საკუთარი თვალით ხედავ, მრავლიდან ცოტანი დავრჩით.
  3. 3
    გვითხრას უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით უნდა ვიაროთ და რა უნდა ვაკეთოთ”.
  4. 4
    უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: "კეთილი, აჰა, ვილოცებ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს გეტყვით, რასაც უფალი გიპასუხებთ, ერთ სიტყვასაც არ დაგიმალავთ”.
  5. 5
    უთხრეს: "დაე, უფალი იყოს ჭეშმარიტ და ერთგულ მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერს ისე არ შევასრულებთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი შემოგვითვლის.
  6. 6
    კარგი იქნება თუ ცუდი, შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, ვისთანაც გაგზავნით, რათა სიკეთე გვქონდეს, როცა შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას”.
  7. 7
    ათი დღის თავზე იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი.
  8. 8
    მოიხმო იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, მასთან რომ იყვნენ, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე.
  9. 9
    უთხრა: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ვისთანაც გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:
  10. 10
    თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგრგავთ და აღარ აღმოგფხვრით, რადგან ვწუხვარ იმ ბოროტების გამო, რაც დაგმართეთ.
  11. 11
    ბაბილონის მეფის ნუ შეგეშინდებათ; რომლისაც გეშინიათ, ნუღარ შეგეშინდებათ, ამბობს უფალი, რადგან თქვენთან ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან.
  12. 12
    შეგიწყალებთ და ისიც შეგიბრალებთ და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
  13. 13
    მაგრამ თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, და არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას,
  14. 14
    იტყვით: "ეგვიპტის ქვეყანაში უნდა წავიდეთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივდება და იქ დავრჩებითო”,
  15. 15
    მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა მოინდომებ ეგვიპტეში წასვლას და კიდეც წახვალ იქ დასარჩენად,
  16. 16
    მაშინ მახვილი, რომლისაც აქ გეშინოდა, ეგვიპტეში მოგწვდება, და შიმშილი, რომელსაც აქ გაურბოდი, კვალდაკვალ გამოგყვება და იქ მოკვდები.
  17. 17
    ყველა, ვინც გადაწყვეტს ეგვიპტეში წასვლას და დარჩენას, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება; ვერავინ გადარჩება მათგან, თავს ვერავინ დააღწევს იმ უბედურებას, მე რომ მოვაწევ მათზე.
  18. 18
    რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმის მცხოვრებლებზე გადმოიღვარა ჩემი გულისწყრომა და რისხვა, ასევე გადმოიღვრება ჩემი რისხვა თქვენზე, თუ ეგვიპტეში მიხვალთ. საწყევარი, შესაზარებელი, შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდებით და მეტად ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს”.
  19. 19
    თქვენზე თქვა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, თქვენს წინააღმდეგ ვამოწმებ დღეს.
  20. 20
    საკუთარი თავების წინააღმდეგ სჩადიხართ დანაშაულს, რადგან თქვენ თვითონ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ამ სიტყვებით: "შეევედრე ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს, და ყველაფერს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის, გვითხარი და შევასრულებთო”.
  21. 21
    აჰა, გითხარით დღეს. მაგრამ თქვენ არ დაემორჩილებით უფლის, თქვენი ღვთის ხმას; იმას, რაც თქვენთან დამაბარა.
  22. 22
    იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.
იტვირთება შემდეგი თავი
იერემია 42 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა