იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 43
- 1და იყო, როცა იერემიამ დაასრულა ხალხისთვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, იმ სიტყვებისა, რაც უფალმა, მათმა ღმერთმა შემოუთვალა მათ,
- 2მაშინ ყაზარია ჰოშაიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და დანარჩენმა ქედმაღალმა კაცებმა უთხრეს იერემიას: "ტყუილს ამბობ, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ უფალს, ჩვენს ღმერთს, არ გადახვიდეთ ეგვიპტეში, იქ საცხოვრებლადო!
- 3არამედ ბარუხ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და დაგვხოცონ ან ბაბილონში გაგვრეკონ”.
- 4არ შეისმინა იოხანანმა, კარეახის ძემ, ყველა მხედართმთავარმა და მთელმა ხალხმა უფლის ხმა - დასახლებულიყვნენ იუდას ქვეყანაში.
- 5წაიყვანა იოხანანმა, კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდეველთა მთელი ნარჩენი, იუდას ქვეყანაში რომ დაბრუნდა ყველა ქვეყნიდან, სადაც გაძევებული იყო -
- 6მამაკაცები, ქალები და ბავშვები, მეფის ასულნი და ყოველი სული, ვინც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის შვილთან და მათთან ერთად - იერემია წინასწარმეტყველი და ბარუხ ნერიას ძე.
- 7და გადავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ შეისმინეს უფლის ხმა, და თახფანხესამდე მივიდნენ.
- 8ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასადმი თახფანხესში:
- 9"იუდეველი კაცების თვალწინ აიღე ხელში დიდი ქვები და ალიზში ჩამალე იმ ადგილას, აგურს რომ წვავენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში.
- 10და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავგზავნი და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე; მათზე გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს.
- 11მოვა და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას. სასიკვდილო - მოკვდება, დასატყვევებელი - დატყვევდება, მახვილს გადაცემული - მახვილით დაეცემა.
- 12ცეცხლს შევუნთებ ეგვიპტის ღმერთთა ტაძრებს და გადაიბუგება, მათ კი შეიპყრობს; შეიმოსება ეგვიპტის ქვეყნით, როგორც მწყემსი იმოსება თავისი სამოსლით; და გამოვა იქიდან მშვიდობით.
- 13დაამსხვრევს იგი მზის ტაძრის სვეტებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია და ეგვიპტის ღმერთთა სახლებს ცეცხლით გადაწვავს”.
იტვირთება შემდეგი თავი