იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 46
- 1უფლის სიტყვა ერებზე, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველისადმი.
- 2ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს ლაშქარზე, მდინარე ევფრატთან, ქარქემიშში რომ იდგა, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ დაამარცხა იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს.
- 3"ფარები და ჯავშნები დაამწკრივეთ და საბრძოლველად გადით.
- 4ცხენები შეკაზმეთ და ამხედრდით, მხედრებო; მყარად დადექით თავჩაჩქნიანებო, შუბები ალესეთ და ჯავშნით შეიმოსეთ.
- 5რას ვხედავ? უკან იხევენ თავზარდაცემულნი, დამარცხდნენ მათი მამაცი მეომრები, გარბიან, რომ თავს უშველონ, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
- 6ვერ გაგექცევიან ფეხმარდნი, ძლიერნი ვერ გადარჩებიან; ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან წაიბორძიკეს და დაეცნენ.
- 7ვინ არის ნილოსივით რომ ადიდებულა, მდინარეების წყლებივით რომ იძვრის?
- 8ადიდდა ეგვიპტე ნილოსივით და მდინარეების წყლებივით იძვრის. ამბობს: ავდიდდები და მიწას დავფარავ, დავანგრევ ქალაქს და მის მკვიდრთო.
- 9ამხედრდით ცხენებზე, გიჟურად გაქანდით, ეტლებო; გამოდით, მამაცო მეომრებო: ქუშელნო და ფუთელნო - ფარის დამჭერნო, ლიდიელნო - მშვილდის დამჭერნო და მომზიდველნო.
- 10რადგან ეს დღე ცაბაოთ უფალ ღმერთს ეკუთვნის; შურისგების დღეა და შურს იძიებს თავის მტრებზე. შეჭამს მახვილი და გაძღება, მათი სისხლით დარწყულდება, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, მდინარე ევფრატთან.
- 11ადი გილყადზე და აიღე მალამო, ქალწულო, ეგვიპტის ასულო; ამაოდ იმარაგებ წამლებს, კურნება არ გექნება.
- 12ერებმა გაიგონეს შენი სირცხვილი, აავსო ქვეყანა შენმა კივილმა, რადგან ძლიერი ძლიერს შეეჯახა და ორივე ერთად დაეცა”.
- 13სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის შემუსვრაზე:
- 14"გამოაცხადეთ ეგვიპტეში და აუწყეთ მიგდოლს, აუწყეთ ნოფს და თახფანხესში თქვით: წამოდექით და მოემზადეთ, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.
- 15რატომ განერთხნენ შენი ძლიერები? ფეხზე ვეღარ დგანან, რადგან უფალმა დაამხო ისინი.
- 16გამუდმებით ბორძიკობენ, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექით, დავუბრუნდეთ ჩვენს ხალხს და ჩვენს მშობლიურ ქვეყანას - შორს მოძალადის მახვილისგან.
- 17ხმამაღლა აცხადებენ: დიდი ხმაურის გარდა არაფერია ფარაონი, ეგვიპტის მეფე! გაეპარა მიცემული დრო.
- 18ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელია ცაბაოთ უფალი; როგორც თაბორი დგას მთათა შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე ვიცი, რომ მოვა ის.
- 19სახეტიალოდ ბარგი მოამზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან გაუდაბურდება ნოფი, დაიწვება და გაუკაცრიელდება.
- 20მშვენიერი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის!
- 21მისი დაქირავებულნიც მის შუაგულში ნასუქალი ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უბედურების დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი.
- 22მისი ხმა გველის სისინივით გაისმება, როცა ლაშქარი გადაადგილდება და ხისმჭრელებივით ცულებით მოადგებიან.
- 23მისი ტყე გაუჩეხავთ, ამბობს უფალი, და აღარ იპოვება; კალიაზე აურაცხელია იგი, არა აქვს სათვალავი.
- 24შერცხვენილ იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.
- 25ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე დავსჯი ამონს თებედან, ფარაონსა და ეგვიპტეს, მის ღმერთებსა და მის მეფეებს, ფარაონსა და მასზე დაიმედებულებს!
- 26მათი სიცოცხლის მაძიებელთა ხელში ჩავაგდებ მათ, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფისა და მის მსახურთა ხელში, ამის შემდეგ კი უწინდელივით დასახლდება, ამბობს უფალი.
- 27შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ ფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე გიხსნი შორეთიდან და შენს თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს უსაფრთხოდ და მშვიდად, არ ეყოლება შემშინებელი.
- 28ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.
იტვირთება შემდეგი თავი