იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 49
- 1ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
- 2ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
- 3იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
- 4რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
- 5აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
- 6ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
- 7ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
- 8გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
- 9ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
- 10რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
- 11დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
- 12რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
- 13რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
- 14ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
- 15რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
- 16საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
- 17საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
- 18როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
- 19აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
- 20ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
- 21მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
- 22აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
- 23დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
- 24დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
- 25როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
- 26ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
- 27ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
- 28კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
- 29თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
- 30გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
- 31ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
- 32წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
- 33იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
- 34უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
- 35ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
- 36ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
- 37მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
- 38დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
- 39მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
იტვირთება შემდეგი თავი