იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას პირით.
- 2"გამოაცხადეთ და აუწყეთ ხალხებს, ალამი ასწიეთ და აუწყეთ, ნუ დაფარავთ, თქვით: დაპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, გაწბილებულია მისი კერპები და დამსხვრეულია მათი ქანდაკებები!
- 3რადგან ხალხი მოადგა ჩრდილოეთიდან და უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას; აღარ იქნება მასში მცხოვრები, ადამიანიდან პირუტყვამდე ყველა დაიძრება და წავა.
- 4იმ დღეებში და იმ ჟამად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელის ძენი და იუდას ძენი, ერთად ივლიან და გზადაგზა იტირებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
- 5სიონის გზას იკითხავენ, მისკენ მიმართავენ სახეებს და იტყვიან: მოდით და შევეკრათ უფალს საუკუნო აღთქმით, რომელიც აღარ იქნება დავიწყებული!
- 6დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.
- 7მათი მპოვნელები ჭამდნენ; მათი მტრები ამბობდნენ: რა ჩვენი ბრალია, უფალს შესცოდეს, რომელიც სიმართლის სამკვიდროა, უფალს, მათი მამების იმედსო.
- 8გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.
- 9რადგან, აჰა, წამოვაყენებ და მოვიყვან ბაბილონის წინააღმდეგ დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და დაატყვევებენ; მათი ისრები გამოცდილი მეომრებივით არიან, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.
- 10ნადავლად იქცევა ქალდეველთა ქვეყანა და გაძღება ყველა მისი მძარცველი, ამბობს უფალი.
- 11რადგან გიხარიათ და დღესასწაულობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან დეკეულივით კუნტრუშობთ და ცხენებივით ჭიხვინებთ.
- 12დიდად შერცხვება დედათქვენი, დამცირდება თქვენი მშობელი; უკანასკნელი იქნები ერებს შორის - უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი.
- 13უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, მთლიანად გაუდაბურდება. ყველა, ვინც ბაბილონს ჩაუვლის, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მისი წყლულების დამნახავი.
- 14ჩამწკრივდით ბაბილონის გარშემო, მშვილდის მომზიდველნო! ესროლეთ, ისრებს ნუ დაინანებთ, რადგან უფალს შესცოდა.
- 15ყოველი მხრიდან დაეცით საბრძოლო ყიჟინა; დანებდა, დაეცნენ მისი საძირკვლები, დაინგრნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა; შური იძიეთ მასზე, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
- 16მთესველი და ნამგლის დამჭერი ამოძირკვეთ ბაბილონიდან მოსავლის აღების დროს. მოძალადის მახვილისგან ყოველი თავისი ხალხისკენ გაბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს.
- 17გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გაფანტეს. პირველად აშურის მეფემ შეჭამა იგი, ბოლოს კი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაუმტვრია ძვლები”.
- 18ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
- 19დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე, და იბალახებს იგი ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემისა და გილყადის მაღლობებზე დაიკმაყოფილებს სურვილს.
- 20იმ დღეებში და იმ ჟამს, ამბობს უფალი, მოიძიებენ ისრაელის დანაშაულს და აღარ იქნება, იუდას ცოდვებს - და ვეღარ იპოვნიან, რადგან მე მივუტევებ, ვისაც მოვიტოვებ.
- 21მერათაიმის ქვეყანაზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე გაილაშქრე, ააოხრე და გაანადგურე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი, ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გიბრძანე!
- 22ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში, დიდი ნგრევაა.
- 23როგორ გატყდა და დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო! როგორ იქცა ბაბილონი საშინელებად ერებისთვის?
- 24მახე დაგიგე და გაები, ბაბილონო, მაშინ, როცა არ ელოდი. მოგძებნეს და შეგიპყრეს, რადგან უფალს შეეჭიდე.
- 25გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა თავისი რისხვის იარაღი, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში.
- 26შორეული კიდეებიდან მოდით მის წინააღმდეგ, გახსენით მისი ბეღლები, ზვინებივით დაახვავეთ, სრულად გაანადგურეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს მისგან.
- 27მახვილს მიეცით მისი მოზვრები, დასაკლავად ჩავიდნენ; ვაი მათ, რადგან მათი დღე დადგა, მათი დასჯის ჟამი.
- 28აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.
- 29მრავალნი შეჰყარეთ ბაბილონის წინააღმდეგ, ყველა მშვილდის მომზიდველი. ბანაკად შემოეწყვეთ ყოველი მხრიდან, არავინ გაგექცეთ. მისი საქმისამებრ მიუზღეთ; როგორც გექცეოდათ, ისე მოექეცით, რადგან უფალს, ისრაელის წმიდას გაუმედიდურდა.
- 30ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის ქუჩებში და ყველა მისი მებრძოლი დადუმდება იმ დღეს, ამბობს უფალი.
- 31აჰა, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, რადგან შენი დღე დადგა, შენი დასჯის ჟამი.
- 32წაიბორძიკებს მედიდური და დაეცემა, არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.
- 33ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენიც, მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამტყვევებლებს, არ უნდათ მათი გაშვება.
- 34მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი, დაჟინებით განიკითხავს იგი მათ საქმეს, რათა მოსვენება მოიტანოს ქვეყანაზე, ხოლო ბაბილონის მცხოვრებნი შეაშფოთოს.
- 35მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ;
- 36მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან;
- 37მახვილი მისი ცხენების წინააღმდეგ, მისი ეტლებისა და ყველა უცხოტომელის წინააღმდეგ, მის წიაღში რომ არიან და დიაცებად იქცევიან; მახვილი მისი საგანძურების წინააღმდეგ და გაიძარცვებიან.
- 38გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.
- 39დაიბუდებენ იქ უდაბნოს არსებები ტურებთან ერთად და სირაქლემები. უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
- 40როგორც ღმერთის მიერ დაქცეულ სოდომში და გომორასა და მის მეზობელ ქალაქებში, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ დასახლდება, კაციშვილი აღარ იცხოვრებს მასში.
- 41აჰა, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ერი; მრავალი მეფე აღდგება ქვეყნის კიდეებიდან;
- 42მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი არიან, დაუნდობელნი; მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს, ცხენებზე არიან ამხედრებულნი; ერთი კაცივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
- 43გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
- 44აჰა, ლომივით ამოვალ იორდანის უღრანიდან საძოვრებზე, გამუდმებით რომ ირწყვება. წამში გავაქცევ მათ და ჩემს რჩეულს დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? სამსჯავროზე ვინ დამიძახებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?”
- 45ამიტომ ისმინეთ უფლის განზრახვა, ბაბილონზე რომ განიზრახა; მისი გადაწყვეტილება, ქალდეველთა ქვეყანაზე რომ გადაწყვიტა; უსათუოდ წაათრევენ ფარის პატარა ბატკნებსაც კი, უსათუოდ გაუდაბურდება მათი საძოვრები.
- 46მიწა შეიძრება, როცა ხმა გაისმება: "შეიპყრეს ბაბილონი”; კივილი გაისმება ერებში.
იტვირთება შემდეგი თავი