იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 51
- 1ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
- 2უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
- 3არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
- 4დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
- 5რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
- 6გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
- 7ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
- 8უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
- 9ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
- 10უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
- 11წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
- 12ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
- 13დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
- 14საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
- 15მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
- 16მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
- 17საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
- 18ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
- 19მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 20შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
- 21შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
- 22შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
- 23შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
- 24"თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
- 25აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
- 26ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
- 27ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
- 28მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
- 29ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
- 30მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
- 31შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
- 32ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
- 33ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
- 34"შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
- 35დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
- 36ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
- 37ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
- 38ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
- 39როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
- 40"ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
- 41როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
- 42ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
- 43გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
- 44მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
- 45გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
- 46ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
- 47ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
- 48იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
- 49"როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
- 50წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
- 51შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
- 52ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
- 53ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
- 54გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
- 55ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
- 56რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
- 57"დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 58ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
- 59სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
- 60ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
- 61უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
- 62იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
- 63ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
- 64და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
იტვირთება შემდეგი თავი