იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 52
- 1ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისს ერქვა ხამიტალი, იერემიას ასული იყო, ლიბნადან.
- 2ბოროტად იქცეოდა იგი უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი.
- 3ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმსა და იუდაზე მანამდე, ვიდრე არ გააძევა ისინი თავისი სახისგან; ბაბილონის მეფეს აუჯანყდა ციდკიაჰუ.
- 4თავისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი თავისი ლაშქრით; მის გარშემო დაბანაკდა და მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
- 5ალყაშემორტყმული იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წლამდე.
- 6მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში; პური აღარ ჰქონდა ქვეყნის ხალხს.
- 7გაანგრიეს ქალაქი და ყველა მებრძოლი გაიქცა; ღამით, ორ გალავანს შორის მდებარე კარიბჭის გზით, მეფის ბაღთან რომ იყო, გავიდნენ ქალაქიდან; უდაბნოს გზას დაადგნენ. ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებულნი.
- 8დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს. იერიხოს ტრამალზე მიეწივნენ ციდკიაჰუს, მთელი ლაშქარი შემოეფანტა.
- 9შეიპყრეს მეფე და ბაბილონის მეფეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში მიჰგვარეს; განაჩენი გამოუტანა ციდკიაჰუს.
- 10თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ ციდკიაჰუს ძეები; იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
- 11მერე თვალები დათხარა ციდკიაჰუს და ბორკილები დაადო; წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონში და სიკვდილის დღემდე საპყრობილეში ჰყავდა.
- 12მეხუთე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე წელს, მცველთა უფროსი ნაბუზარადანი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, მოვიდა იერუსალიმში.
- 13გადაწვა მან უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი. ყველა დიდი სახლი ცეცხლში გადაბუგა.
- 14დაანგრია ქალდეველთა მთელმა ლაშქარმა, მცველთა უფროსთან რომ იყო, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი.
- 15ამის შემდეგ გადასახლებაში წაიყვანა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, ქვეყნის ღარიბთაგანი, ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და ხელოსნები, რომლებიც ბაბილონის მეფეს ჩაუვარდნენ ხელში.
- 16ქვეყნის ღარიბთაგან ზოგიერთი კი მევენახეებად და მხვნელებად დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა.
- 17სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, საყრდენები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დაამსხვრიეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში წაიღეს.
- 18ქვაბები, ნიჩბები, დანები, თასები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, ტაძრის მსახურებისთვის რომ იყო, თან წაიღეს.
- 19ფიალები, მაშები, თასები, ქვაბები, ლამპრის სადგამები, საწდეები და საღვრელი შესაწირის ფიალები, ყველაფერი, რაც ოქროსი ან ვერცხლის იყო, წაიღო მცველთა უფროსმა.
- 20ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი სპილენძის ხარი, ზღვის ქვეშ რომ იყო, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.
- 21თითოეული სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო და თორმეტი წყრთა საბელი ჰქონდა შემოვლებული; სისქით ოთხი თითის დადება იყო, შიგნიდან ღრუ.
- 22და სპილენძის გვირგვინი მათზე, თითოეული გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად სპილენძისა იყო; ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები.
- 23ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო ყოველ მხარეს, სულ ასი ბროწეული იყო ბადეზე, ირგვლივ.
- 24და წაიყვანა მცველთა უფროსმა სერაია მღვდელმთავარი და ცეფანია, მეორე მღვდელი, და სამი ტაძრის მცველი.
- 25ქალაქიდან წაიყვანა ერთი მთავარი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო და მეფის მრჩეველი შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იპოვეს; ასევე მხედართმთავრის მთავარი მწერალი - ქვეყნის ხალხის აღმწერელი; და სამოცი კაცი, ქალაქის შუაგულში რომ აღმოჩნდნენ.
- 26და წაიყვანა ისინი ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა და მიიყვანა ბაბილონის მეფესთან რიბლაში.
- 27ძირს დასცა ისინი ბაბილონის მეფემ და დახოცა რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადაასახლა იუდა თავისი მიწიდან.
- 28აჰა, ხალხი რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს: სამიათას ოცდასამი იუდეველი;
- 29ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს: რვაას ოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან.
- 30ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს ნაბუზარდანმა, მცველთა უფროსმა, შვიდას ორმოცდახუთი სული იუდეველი გადაასახლა; სულ ოთხიათას ექვსასი სული.
- 31იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების პირველსავე წელს, თავისი კეთილგანწყობა უჩვენა იეჰოიაქინს, იუდას მეფეს და გამოიყვანა იგი საპყრობილედან.
- 32კეთილად ელაპარაკა მას და იმ მეფეთა ტახტზე მაღლა დაუდგა ტახტი, მასთან რომ იყვნენ ბაბილონში.
- 33გამოიცვალა იეჰოიაქინმა საპატიმრო სამოსელი და მუდამ მეფის წინაშე ჭამდა პურს, მთელი თავისი სიცოცხლის დღეებში.
- 34შეუწყვეტელი საზრდო ეძლეოდა მას ბაბილონის მეფისგან, ყოველდღიური წილი, სიკვდილის დღემდე, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.