იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
- 2შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა მას.
- 3საქონელი ჰყავდა: შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ხრდალი ვირი და ფრიად მრავალი მსახური; აღმოსავლეთის ყველა ძეზე მეტად იყო განდიდებული ეს კაცი.
- 4მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
- 5ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
- 6და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის.
- 7ჰკითხა უფალმა სატანას: "საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
- 8უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
- 9მიუგო სატანამ უფალს: "განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?
- 10განა შენ არ აღმართე ზღუდე მისი სახლისა და მთელი საბადებლის გარშემო? შენგან ეკურთხა ნახელავი მისი და დიდად გამრავლდა ჯოგები მისი ქვეყანაზე.
- 11აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც გააჩნია, თუ მაშინვე პირში არ დაგიწყოს გმობა!”
- 12უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
- 13ერთ დღეს მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
- 14მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
- 15შებაელნი დაესხნენ თავს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 16ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა მეორე და თქვა: "ღვთის ცეცხლი დაეშვა ზეციდან, ცხვარი და მსახურები გადაბუგა და შთანთქა ისინი; მეღა გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 17ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 18ამას რომ ამბობდა, მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: "შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
- 19აჰა, ძლიერმა ქარიშხალმა დაბერა უდაბნოდან, წარხოცა სახლის ოთხივე კუთხე, ნანგრევები ზედ დაემხოთ ჭაბუკებს და მოკვდნენ; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
- 20ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწას დაემხო და თაყვანი სცა.
- 21თქვა: "შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”
- 22ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.
იტვირთება შემდეგი თავი