იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად.
- 2უთხრა უფალმა სატანას: "საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
- 3უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.
- 4მიუგო სატანამ უფალს: "ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;
- 5აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!
- 6უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!”
- 7გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.
- 8აიღო იობმა თიხის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ჩაჯდა ნაცარში.
- 9უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”
- 10უპასუხა: "ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.
- 11გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.
- 12შორიდანვე აღაპყრეს თვალები, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ტირილი მორთეს, სამოსელი შემოიხიეს და თავს ზემოთ ცისკენ მტვერი აბნიეს.
- 13შვიდ დღესა და შვიდ ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე. სიტყვა არ დასცდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.
იტვირთება შემდეგი თავი