იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1მიუგო ცოფარ ნაყამათელმა იობს:
- 2"განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
- 3განა შენი კვეხნა ხალხს დაადუმებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ შეგარცხვენს?
- 4ამბობდი: ხალასია ჩემი მოძღვრება და უდანაშაულო ვარო შენს თვალში!
- 5ეჰ, რომ ალაპარაკდებოდეს ღმერთი და შენს წინააღმდეგ გახსნიდეს თავის ბაგეს,
- 6გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
- 7ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
- 8მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
- 9ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.
- 10თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, ვინ შეაჩერებს?
- 11ვინაიდან იცნობს იგი ცბიერ ადამიანებს და როცა ხედავს უსამართლობას, განა არ მიაპყრობს ყურადღებას?
- 12ვინაიდან ამაო კაციც დაბრძენდება, თუმცა ველური ჩოჩორივით იბადება ადამიანი.
- 13თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
- 14თუ უმართლობას განიშორებ ხელთაგან და არ დამკვიდრდება შენს კარვებში უსამართლობა,
- 15მაშინ აღმართავ სახეს უბიწოდ, მტკიცე იქნები და არ შეშინდები,
- 16რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
- 17შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლე და განთიადივით გაცისკროვნდები.
- 18დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.
- 19დაწვები და არავინ შეგაშფოთებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
- 20ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.
იტვირთება შემდეგი თავი