იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1"ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.
- 2ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.
- 3და ასეთ კაცს უმზერ და მაინც სამსჯავროში მიგყავარ?
- 4უწმიდურისგან წმიდას ვინ გააჩენს? არავინ!
- 5აკი განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, საზღვრები დაუდგინე და ვერ გადალახავს,
- 6დაეხსენი, რომ მოისვენოს, ვიდრე მოჯამაგირესავით დაამთავრებდეს თავის დღეებს.
- 7რადგან ხესაც აქვს იმედი: თუ მოჭრიან, კვლავ ამოხეთქავს, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.
- 8თუ ფესვი დაუბერდა მიწაში და ღერო ჩაუკვდა მტვერში,
- 9როგორც კი წყლის სუნს იგრძნობს, კვლავ აყვავდება და ახალდარგულივით გამოიყრის ყლორტებს.
- 10მაგრამ კვდება კაცი, დაწვება და სულს განუტევებს, სადღაა იგი?
- 11როგორც წყლები გაედინება ზღვიდან და მდინარე იწრიტება,
- 12ასევე ადამიანიც წვება და ვეღარ დგება, ვიდრე არ გაქრება ცანი ვერ გაიღვიძებს და ვერ გამოფხიზლდება ძილისგან.
- 13ნეტავ ქვესკნელში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე გადაივლიდა შენი რისხვა, დროს დამიდგენდი და გამიხსენებდი.
- 14თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა.
- 15მომიხმობდი და გამოგეხმიანებოდი; მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,
- 16ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;
- 17ჩანთაში დალუქავდი ჩემს დანაშაულს და ჩემს ბრალს წარხოცდი.
- 18მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,
- 19როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც ნიაღვრები წალეკავენ მიწას; შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს.
- 20სძლევ მას სამუდამოდ და მიდის, სახეს შეუცვლი და უშვებ.
- 21პატივში იქნებიან მისი შვილები - მან ეს არ იცის, დამცირდებიან ისინი - ის ვერ ხედავს.
- 22მას მხოლოდ საკუთარი სხეული სტკივა და საკუთარ თავს გლოვობს იგი!”
იტვირთება შემდეგი თავი