იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1"აჰა, ეს ყოველივე იხილა ჩემმა თვალმა, ისმინა ჩემმა ყურმა და შეიგნო.
- 2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, თქვენზე ნაკლები არა ვარ.
- 3მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, სურვილი მაქვს, რომ ვიდავო მასთან!
- 4თქვენ კი სიცრუის მთხზველნი და უსარგებლო მკურნალნი ხართ!
- 5ნეტავ სულ დადუმდებოდეთ, ეს იქნებოდა თქვენთვის სიბრძნე.
- 6ისმინეთ, გთხოვთ, ჩემი თავისმართლება და შეისმინეთ სამდურავი ჩემი ბაგისა.
- 7ნუთუ ღვთისთვის ილაპარაკებთ უმართლოდ და მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
- 8მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
- 9კარგი იქნება, თქვენც რომ გამოგიკვლიოთ; მასაც ისე მოატყუებთ, როგორც კაცი კაცს ატყუებს?
- 10უცილობლად გაგკიცხავთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
- 11ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშის ზარი არ დაგტყდომიათ თავზე?
- 12ნაცარივითაა თქვენი დარიგებანი და თიხასავით - საყრდენი თქვენი.
- 13დადუმდით ჩემ წინაშე, რათა ვილაპარაკო და მეწიოს, რაც იქნება.
- 14რისთვის მეკავოს ჩემი ხორცი კბილებით და სიცოცხლე ხელებით?
- 15აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე;
- 16და ეს იქნება ხსნა ჩემთვის, რადგან უღმერთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
- 17გულდასმით მოისმინეთ ჩემი ნათქვამი და ყურად იღეთ ჩემი სიტყვა!
- 18აჰა, სამსჯავრო გავმართე და ვიცი, რომ გავმართლდები.
- 19შემომედავება ვინმე? მაშინ დავდუმდები და მოვკვდები!
- 20მხოლოდ ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავემალები შენს სახეს.
- 21შენი ხელი მომარიდე და შენმა შიშის ზარმა არ შემაძრწუნოს!
- 22მაშინ მომიხმე და გიპასუხებ; ან მათქმევინე და შენვე გამეცი პასუხი!
- 23რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა!
- 24სახეს რად მიმალავ, რატომ მიმიჩნევ შენს მტრად?
- 25ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი?
- 26რადგან სიმწარეს წერ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს მაზღვევინებ.
- 27ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!
- 28მე კი დამპალივით ვიხრწნები, ჩრჩილით შეჭმული სამოსელივით!
იტვირთება შემდეგი თავი