იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
- 2"როდემდე ინადირებ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ:
- 3პირუტყვებად და უგუნურებად რად ვითვლებით შენს თვალში?
- 4შენივე რისხვამ უნდა დაგღრნას? შენ გამო უნდა გაუდაბურდეს მიწა ან კლდე დაიძრას თავისი ადგილიდან?
- 5უსათუოდ ჩაქრება ბოროტეულთა ნათელი, აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა.
- 6მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი ლამპარიც ჩაქრება.
- 7შევიწროვდება ფეხსადგამი მისი ძლიერებისა და საკუთარი ზრახვები დაამხობს,
- 8რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და მახეშია გაბმული.
- 9მარყუჟი ქუსლზე გამოედება, ხაფანგი შეიპყრობს მას.
- 10დამალულია მიწაზე მისი მარყუჟი, და ხაფანგია დაგებული მის ბილიკზე.
- 11ყოველმხრივ შიში და ძრწოლა აკრავს და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი.
- 12შიმშილი დააუძლურებს და მის გვერდით დაღუპვაა გამზადებული.
- 13ავადმყოფობა შეუჭამს კანს, სიკვდილის პირმშო _ კიდურებს.
- 14ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და საშინელებათა მეფეს მიჰგვრიან მას.
- 15მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არ არის; გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს.
- 16მიწისქვეშ ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება.
- 17გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად და აღარავინ ახსენებს მის სახელს კარიბჭესთან.
- 18ნათლიდან ბნელში განიდევნება და მიწისპირიდან აღიგვება.
- 19თესლი და შთამომავალი არ ეყოლება თავის ხალხში, არავინ დაურჩება თავის სამკვიდრებელში.
- 20გაოგნდებიან მისი ბედის გამო დასავლეთში და ძრწოლა შეიპყრობს აღმოსავლეთს.
- 21დიახ, ასეთია ბოროტეულთა სამკვიდრებელი და ასეთია მათი ადგილი ვინც ღმერთს არა სცნობს!
იტვირთება შემდეგი თავი